"ეს რა მაქვს, აქ რატომ მტკივა? მგონი ვკვდები!" - რა არის იპოქონდრია და რას განიცდის იპოქონდრიკი?
როცა ადამიანს რაიმე აწუხებს, ბუნებრავად ცუდისკენ არის მიმართული მისი ფიქრები.
უმნიშვნელო სიმპტომებსაც კი სერიოზულ დაავადებას უკავშირებს. ეს ირგვლივ არსებული ნეგატიური ფაქტების, მომატებული ავადობისა და სიკვდილიანობის შედეგია.
დღეს ვისაუბრებთ სომატოფორმულ აშლილობებზე - იპოქონდრიაზე.
ეს არის ფსიქიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ეჭვობს, ან დარწმუნებულია, რომ მას რაიმე სერიოზული დაავადება აქვს.
ასეთი ადამიანები სხვადასხვა ფიზიკურ შეგრძნებაზე არასწორად რეაგირებენ.
უბრალო მუცლის ან თავის ტკივილი მათთვის სიმსივნის ან ანევრიზმის მაუწყებელია.
ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ იპოქონდრიკია, რადგან მასაც ეშინია ხოლმე, როცა ავად არის და ისიც ცუდი დიაგნოზის მოლოდინშია, ექიმის რიგში მდგომი.
თუმცა იპოქონდრიით შეპყრობილი ადამიანები გაცილებით რთულ ვითარებაში არიან, საკუთარ თავს ყოველდღიურად არაერთ დიაგნოზს უსვამენ, გაფაციცებით უსმენენ თავიანთ ორგანიზმს, ათვალიერებენ სხეულის სხვადასხვა უბანს სარკეში და თითოეულ ცვლილებას ისინი პანიკურ შეტევებამდე მიჰყავს.
ადამიანი ბიოლოგიური, ცოცხალი არსებაა, ბუნებრივია, რომ ხან ტკივილს განიცდის, ხან ფეხი დაეჭიმება, გამონაყარი ექნება,ზოგჯერ ქავილი, შეიძლება გაცივდეს, მგზავრობისას ყურები დაუგუბდეს, წნევამაც შეაწუხოს და გაზაფხულზე სისხლიც ოდნავ განიცდიდეს ცვლილებას, თუმცა ეს იპოქონდრიკისთვის არის კატასტროფა - ნიშანი, რომ ის მალე მოკვდება.
ზოგისთვის შეიძლება სასაცილოც იყოს, სწორედ მსგავსი არასერიოზული დამოკიდებულება ამძაფრებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელებიც იპოქონდრიის დიაგნოზით იტანჯებიან. მათი შფოთვითი აშლილობები იმდენად სერიოზულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული ადამიანი შეიძლება ფიქრებით სუიციდის სურვილამდეც კი მივიდეს. გასაკვირია, ხომ?!
ისინი გამუდმებით სხვადასხვა ექიმთან დადიან და გულდასმით უყვებიან თავიანთი სიმპტომების შესახებ, რომელიც ხშირად მათივე გონების მიერ არის პროვოცირებული. რიგმა გამოკვლევებმა, რომ ადამიანი ჯანმრთელია და არაფერი სჭირს, რომ უბრალო ლაქაა და მას არ ემუქრება ვიტილიგო, შეიძლება მაინც გამოიწვიოს მისი უკმაყოფილება და არ დაიჯეროს ექიმის, ის იმასაც ფიქრობს, რომ შესაძლოა იმ მომენტში აპარატი დაზიანებული იყო, ექიმები ცდებიან და აშ.
რა თქმა უნდა, დაავადების ფორმები და სიმძიმე ინდივიდუალურია, ის შეიძლება წლობით აწუხებდეს ადამიანს და პერიოდულულად შფოთვითი შეტევებით იჩენდეს თავს. ადამიანს ზოგჯერ ფსიქიატრის დახმარებაც სჭირდება.
თუ აღნიშნული სიმპტომები 6 თვეზე მეტხანს გრძელდება და ის დეპრესიასთან ან სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან არ არის კავშირში, მაშინ დაისმება იპოქონდრიის დიაგნოზი.
როგორ ვმართოთ დაავადება?
პირველ რიგში, პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ ასეთი დაავადება არსებობს, უკვე არის დიდი შვება მისთვის.
ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ ასეთი ფსიქიკური დაავადება არსებობს, ამის შემდგომი ნაბიჯი უკვე ფსიქოლოგების ჩართულობაა, ეფექტური და შედეგიანია კოგნიტურ-ბიჰევიორული მკურნალობა.
და რაც მთავარია, აუცილებელია, გაიაზროთ, რომ ასეთი ნერვიულობით, შესაძლოა მართლაც დაგემართოთ რაიმე.
ხშირად თქვენი ფსიქიკა ფიქრებით ფიზიკურ სიმპტომებს იწვევს. შეწყვიტეთ სიმპტომების ინტერნეტში ძებნა.
დაკავდით საყვარელი საქმიანობით, იყავით უფრო მეტად აქტიურები, რომ არ გქონდეთ ზედმეტი თავისუფალი დრო ნეგატიური ფიქრებისთვის. მოერიდეთ ყველა იმ გამღიზიანებელ ფაქტორს, რაც თქვენში იწვევს შფოთვას.
ეს იქნება სტატიები, ტელეგადაცემები, თუ ადამიანები. ეს ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში, თუმცა თუ მოინდომებთ, ნამდვილად შეძლებთ. იპოქონდრია დაუძლეველი არ არის.
წყარო: მკურნალი.გე