ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეოში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
"ნავალნისა და სხვა ოპოზიზიური მოღვაწეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და ციხეში არსებული არაადამიანური პირობები ადასტურებს, თუ როგორ სასტიკად მოქმედებს რუსეთის მართლმსაჯულების სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ნავალნის გარდაცვალების შესაძლო მიზეზად ტრომბი დაასახელა.