თეგებით ძიება

სააკაშვილი რომ ამბობს, ფული ამომეწურა, ორი პიჯაკი დამრჩაო, სჯობს, პასუხი გასცეს, საიდან გადაიხადეს მილიონები მისმა ოჯახმა ლობისტურ კონტრაქტებში - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ტაქტიკაა, შეინარჩუნოს ყურადღება და დარჩეს მედიის ზედაპირზე.

მისივე თქმით, ამისთვის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადების გაკეთებას არ ერიდება.

„მაგალითად, დღეს შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკაში არ ერევა, მეორე დღეს თქვას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. შეუძლია, ჯერ ლევან ხაბეიშვილი დაასახელოს ფავორიტ, უძლიერეს პოლიტიკოსად, მეორე დღეს, შეიძლება, ნიკა მელია გამოაცხადოს პარტიის და თავის მემკვიდრედ. სიმართლე არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლიდერობის ვერანაირ ტესტს ვერ გაუძლო, თანაგუნდელებს დაანახა, რომ არ შეუძლია, იყოს ლიდერი, არ შეუძლია მაგალითი მისცეს თავის პოლიტიკურ გუნდს. ამიტომ თანამდებობიდან გადააყენეს და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა გაინაწილეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოშობილმა კლანებმა, რომელთა უკანაც დგანან მინიოლიგარქები, ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული თუ მედიას ამოფარებული ყოფილი თანამდებობის პირები. „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა. სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ პატრონებმა და ლობისტებმა თავისი ფსონი შეცვალეს. ამ არჩევნებში მთავარი აქცენტი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ კეთდება, მისი დავალება ერთადერთია, როგორმე 15-18%, მაქსიმუმ 20% მხარდაჭერა შეინარჩუნოს. ამიტომ ოპოზიციაში ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება, „ნაციონალური მიძრაობა ორი“ და მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე თავისი ადგილი დაიბევოს მეორე ვაგონშიც. ეს ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს, ასეთი სასაცილო განცხადებებით. სააკაშვილს თვითგანდიდების მცდელობები იმისთვის სჭირდება, რომ დარჩეს მედიის ზედაპირზე. ამით სხვა მიზანს ვერ მიაღწევს. მისმა გუნდელებმა დაინახეს, რომ რეალური ლიდერი არ არის და ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა. ახლა წამოწყებულია ახალი კამპანია. როგორც ჩანს, ჯერ ვადა არ გასვლია იმ კონტრაქტებს, სადაც საქართველოს, ხელისუფლების წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის დასაცავად უნდა გამოდიოდნენ სპიკერები, აშუქებდნენ ტელევიზიები და ექსპერტებმა მასთან დაკავშირებით ახალ-ახალი ტყუილები უნდა მოიგონონ. ამ კონტრაქტებსაც ამოეწურება ვადა, ექვს თვეში ისინიც გამოქვეყნდება და საზოგადოება ნახავს, რაშიც გადაიხადეს მილიონები – საკუთარი ქვეყნის გაშავებაში, თითქოს საქართველო ანტიევროპული გზით მიდიოდა და თოვლზე ადრე დადნა ტყუილები დეკემბერში. ასე იქნება მომავალში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზეც, სადაც ის ამბობს, რომ პრეზიდენტობის დროიდან მხოლოდ პიჯაკები დარჩა.

თალაკვაძის განცახდებით, სჯობს, სააკაშვილმა პასუხი გასცეს, საიდან გადაიხადეს მილიონები მისმა ოჯახმა და გარემოცვამ ლობისტურ კონტრაქტებში.

„სააკაშვილს რა დარჩა და რა – არა, მაგის აუდიტი ჩვენ არ ჩაგვიტარებია. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ მისი გარემოცვა დღემდე ასიათასობით დოლარს იხდის იმ ლობისტურ კონტრაქტებში, რომლებსაც ევალებოდა, მსოფლიოსთვის მიხეილ სააკაშვილი წარმოეჩინა საქართველოს ხელისუფლების წამებულად, პოლიტპატიმრად, რომელიც უმკაცრეს ციხეში ჰყავს გამოკეტილი ხელისუფლებას. ამაში მილიონებს ხარჯავდნენ. არაფერი თუ არ დარჩა, არასწორად დახარჯეს ფული, თუმცა დავაკვირდებით და დარწმუნებული ვარ, უახლოეს თვეებში კიდევ გამოქვეყნდება ინფორმაცია მისი ოჯახის, გარემოცვის ლობისტურ ხარჯებთან დაკავშირებით. ახლა რომ ამბობს, ფული ამომეწურა და ორი პიჯაკი დამრჩაო, სჯობს პასუხი გასცეს და ახსნა-განმარტება გააკეთოს, საიდან გადაიხადეს ეს მილიონები მისმა ოჯახმა, გარემოცვამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა