დაუმარცხებელი ქართველი სარდალი, რომელსაც ნიკოლოზ II-მ თავისი ქალიშვილები მომვლელებად დაუყენა
ის მამაცი და უჭკვიანესი სტრატეგი იყო, თუმცა მოგებული ბრძოლების შემდეგ ბევრჯერ დასწამეს ცილი; საქართველოზე შეყვარებულ სარდალს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ღალატის ბრალდებით დახვრიტეს. ის იყო მთელი არსებით გენერალი, რომელიც ამბობდა, რომ „სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება“...
დახვრეტიდან 79 წლის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, თავისი ღვაწლისთვის, ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა. მართალია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ძეგლის იერსახემ მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ჩვენ მის ავკარგიანობაზე საუბარს ვამჯობინეთ, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული ქართველი მხედარმთავარი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.
გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.
გიორგის მამა რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი იყო, რომელმაც ცოლად ქართველი ქალი - ქრისტინე გლურჯიძე შეირთო, საქართველო შეიყვარა, გვარი მაზნიაშვილზე გადაიკეთა და შვილები ქართული სულისკვეთებით აღზარდა.
მომავალი გენერალი ბავშვობიდან სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, ამიტომ მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს.
სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მაზნიაშვილმა მეფის არმიაში დაიწყო სამსახური და მალე გენერლის ჩინამდე აღზევდა.
🔹1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში ისე გამოიჩინა თავი, რომ პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი სამხედრო თავად ნიკოლოზ II-მ მოინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ჯვარი გადასცა. იმპერატორის დავალებით, ლაზარეთში მყოფ გენერალს თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ.
გამოჯანმრთელების შემდეგ გიორგი მაზნიაშვილმა პირველ მსოფლიო ომშიც გამოიჩინა თავი.
🔹1917 წლის რევოლუციის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.
ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები უტევდნენ, ჩრდილოეთიდან - რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – თურქები და სამხრეთიდან - სომეხი დაშნაკები.
დაუმარცხებელ გენერალს ქართული ტერიტორიების მიტაცების მსურველთა მოგერიება ოთხივე მხრიდან უწევდა.
🔹1918 წელს კავკასიის კომისარიატმა გიორგი მაზნიაშვილს თბილისის დაცვა დაავალა. მაზნიაშვილმა დავალება წარმატებით შეასრულა, თუმცა იმავე წელს, ბრესტის ზავის თანახმად, რუსეთმა აჭარა თურქეთს გადასცა.
თურქეთი თავის მხრივ, მხოლოდ აჭარას არ დასჯერდა და გურიასაც შეუტია. გიორგი მაზნიაშვილმა პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სასწრაფოდ სახალხო ლაშქარი ჩამოაყალიბა და ჩოლოქის ბრძოლაში თურქებს არა მარტო გურია, ბათუმიც გამოსტაცა ხელიდან.
🔹1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა და გენერალს აფხაზეთის მტრისგან გათავისუფლება სთხოვა. 1918 წლის 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გენერალმა წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ჯარებს და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.
🔹1918 წლის 18 ივნისს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნეს.
🔹1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი უკვე თბილისის გენერალ-გუბერნატორია, იმავე წლის ნოემბერში კი - საქართველო-სომხეთის ომის შულავერის ფრონტის სარდალი. სომხეთთან ომის დროს მაზნიაშვილმა სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.
1920 წლის ოქტომბერში გიორგი მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს თბილისის დაცვის ცენტრალური მიმართულების სარდალი იყო და ბოლშევიკების მე-11 არმიას უკან დახევა აიძულა, თუმცა, მოულოდნელად, საქართველოს მთავრობისგან ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო.
გენერალი იძულებული გახდა, ბრძანებას დამორჩილებოდა.
„კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს,“ - დანანებით იხსენებდა მოგვიანებით გენერალი.
🔹1921 წლის თებერვალში მაზნიაშვილს ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა დაევალა. 17 მარტს გენერალმა დავალება შეასრულა, თუმცა, თავად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა და გაქცეულ მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა.
ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს შიდა არეულობით მოსარგებლე თურქეთმა ბათუმის ოლქი ისევ დაიკავა. პატრიოტი გენერლისთვის განსაცდელში მყოფი სამშობლოს მიტოვება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას დათანხმდა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.
ისტორიამ შემოინახა დაუმარცხებელი გენერლის სიტყვა, რომლითაც სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:
„მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”
🔹1921 წლის 20 მარტს, თურქებთან სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ბათუმი საქართველოს დაუბრუნა.
გამარჯვების ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა შემდეგ თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს და განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. სამი წლის შემდეგ კი გაათავისუფლეს და, როგორც მენშევიკების გენერალი, სამშობლოდან გააძევეს.
საფრანგეთში მყოფმა ქართულმა ემიგრაციამ და ჟორდანიას მთავრობამ გენერალი პატივით მიიღო და ყოველთვიურად მცირეოდენი გასამრჯელო - 500 ფრანკიც დაუნიშნა, თუმცა...
❗ 1924 წელს, მაზნიაშვილის პარიზში ყოფნისას, საბჭოთა ხელისუფლებამ ემიგრირებული დემოკრატიული მთავრობის მიერ მოწყობილი აჯანყება ჩაახშო. პარიზში მყოფ ქართველებს შორის ხმა გავრცელდა, თითქოს თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გადასცა. იმედგაცრუებულმა გენერალმა საბჭოთა ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, რა საფრთხე ელოდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
„საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა, არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა. გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატებს,“ - წერდა გიორგი მაზნიაშვილი 1925 წლის 18 იანვარს.
გენერალს, რომელმაც შიშველი ხელებით და მშიერი ჯარისკაცებით თურქებს გურია და აჭარა ხელიდან გამოგლიჯა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არც სამსახური მისცა და არც პენსია.