თეგებით ძიება

„ჩინელებისთვის საქართველო ტურისტულად არ არის საინტერესო. ტოპ-20-30 ქვეყანას შორისაც კი არ ვართ“ - ალექსანდრე გიორგიძე

„თუ გვინდა ორმხრივად გაიზარდოს ნაკადი, უნდა გაიზარდოს ფრენები,” – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ პირდაპირ რეისებს ჩინეთის დიდი ქალაქებიდან. ჩინეთში საკმაოდ მაღალმხარჯველი ტურისტებიც არიან, მაგრამ ეს სეგმენტი ჩვენთვის ჯერ შორს არის. ჩინელებისთვის როგორც ტურისტული მიმართულება, საქართველო არ არის ძალიან საინტერესო. ტოპ-20-30 ქვეყანას შორისაც კი არ ვართ. გარკვეული მარკეტინგული ღონისძიებებია ჩასატარებელი, რათა იქ ტრენდული მიმართულება გავხდეთ,“- აღნიშნა გიორგიძემ.

მანვე იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას მოყვება.

„გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გიდობა დაიწყონ, რადგან ეს სფერო სრულიად უკონტროლოა. პოტენციალი გვაქვს რომ ჩინეთიდან 100-200 ათასი ტურისტი მივიღოთ, მაგრამ როგორც კი რაოდენობა გაიზრდება, ამას მოყვება მათივე მოქალაქეების გიდებად მუშაობაც. მითუმეტეს, რომ ამის მოტივაცია ნამდვილად ექნებათ, რადგან ჩვენ არ გვყავს გიდები, ვინც ჩინელებს ჩინურად მოემსახურება. ჩინურენოვანი გიდების პრობლემა გვაქვს საქართველოში, მათი დეფიციტია. შემიძლია გითხრათ, რომ ჯამში, ალბათ 10-მდე (კარგ სპეციალისტზე მაქვს საუბარი) ჩინური ენის მცოდნე გიდი გვყავს ქვეყანაში. ეს კი ძალიან ცოტაა. რამდენიმე ჯგუფი რომ ჩამოვიდეს ჩინეთიდან, ფაქტობრივად გიდები არ გვეყოფა,“-განაცხადა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.

ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე საქართველომ ცალმხრივად აამოქმედა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. შედეგად, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და მოგზაურობა შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა