სახელმწიფო სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება - დადგენილებას, რომელიც ძალაში 29 თებერვალს შევიდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დადგენილების მიხედვით, შესაბამისი ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.
ცნობისთვის, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავდა სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ხმაურიანი მსჯელობების შემდეგ დროებით შეჩერდა.
როგორც bm.ge-ის პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება, თუმცა თუმცა, უცნობია ზუსტი თარიღი. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1-ელ იანვარს ასახელებდნენ, თუმცა კანონი ჯერ ისევ საკომიტეტო განხილვების ეტაპზე რჩება.