რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურებები - რეიტინგი
საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში იყო და ის თვეში 4,421 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით ხელზე ₾3,536). ამ სექტორში ანაზღაურება წლიურ ჭრილში 17%-ით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5 ათასით არის გაზრდილი, რაც საქართველოს IT სექტორში მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. ხელფასით მეორე ადგილზეა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სადაც საშუალო ანაზღაურება 3,394 ლარი იყო (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით ხელზე 2,714 ლარი).
საქსტატის ანგარიშის თანახმად, ანაზღაურებები გაზრდილია ყველა სექტორში გარდა სამთო-მოპოვებითი დარგისა, სადაც 2%-იანი შემცირება ფიქსირდება. შესაძლოა აღნიშნული ფეროშენადნობების სექტორში გასულ წელს არსებული რეცესიით იყო განპირობებული.
ხელფასები სექტორების მიხედვით 2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4,421 ლარი, ზრდა წინა წელთან 17%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3,394 ლარი, ზრდა წინა წელთან 22%
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3,111 ლარი, ზრდა წინა წელთან 5%
მშენებლობა - 3,065 ლარი, ზრდა წინა წელთან 21%
ტრანსპორტი და დასაწყობება - 2,444 ლარი, ზრდა წინა წელთან 17%
ენერგეტიკა - 2,299 ლარი, ზრდა წინა წელთან 4%
სულ საშუალო ხელფასი ქვეყანაში - 2,196 ლარი, ზრდა წინა წელთან 15%
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2,196 ლარი, კლება წინა წელთან -2%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 2,076 ლარი, ზრდა წინა წელთან 18%
დამმუშავებელი მრეწველობა - 1,884 ლარი, ზრდა წინა წელთან 15%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 1,873 ლარი, ზრდა წინა წელთან 9%
წყალმომარაგება, კანალიზაცია და ნარჩენების მართვა - 1,639 ლარი, ზრდა წინა წელთან 14%
განათლება - 1,632 ლარი, ზრდა წინა წელთან 31%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები - 1,593 ლარი, ზრდა წინა წელთან 21%
სასტუმროები და რესტორნები - 1,552 ლარი, ზრდა წინა წელთან 12%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1,543 ლარი, ზრდა წინა წელთან 11%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1,472 ლარი, ზრდა წინა წელთან 25%
სხვა სახის მომსახურება - 950 ლარი, ზრდა წინა წელთან 12%.