„ნიკა მელია, შესაძლოა, საარჩევნოდ დიდი სიურპრიზი იყოს ბევრისთვის“ - გია ხუხაშვილი
რამდენიმე თვეში საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს. საინტერესოა, დღევანდელი მდგომარეობით რა პროგნოზს აკეთებენ პოლიტიკური ექსპერტები და როგორია პარტიების შანსები? TIA.GE ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
-ბატონო გია, რამდენიმე თვეში არჩევნებია. დღევანდელი მდგომარეობით რა პროგნოზს გააკეთებდით?
- ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ რომ იმარჯვებს ორი აზრი არ არსებობს, თუმცა მთავარი კითხვაა ერთპიროვნულად შეინარჩუნებს თუ დასჭირდება პოსტ-საარჩევნო კოალიცია. ოპოზიცია ცუდად გამოიყურება, თუმცა არც ხელისუფლებაა მანდამაინც კარგ დღეში. ოპოზიცია ვერ ართმევს ძალაუფლებას ოცნებას, თუმცა ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამომრჩეველთა უმეტესობა არაა ჩამოყალიბებული ვის მისცეს ხმა.
- როგორ გგონიათ, მიმდინარე თვეებში შეიძლება სურათი შეიცვალოს?
- რათქმაუნდა, ჯერჯერობით ბუნდოვანებაა. მთავარია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რას იზამს. ცხადია ისინი ხელისუფლების მომხრეები არ არიან, თუმცა ვერც ოპოზიციაში ხედავენ სასურველ ძალას. ოპოზიციამ თუ შეძლო და თავი მოაწონა ამომრჩევლების ამ ნაწილს, რასაკვირველია ხელისუფლებას არ ექნება ერთპიროვნურად ძალაუფლების შენარჩუნების ფუფუნება.
- თქვენი აზრით ოპოზიცია ამას შეძლებს?
- ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, ასე თუ გააგრძელებენ, ძალიან გაუჭირდებათ. მათ ჰგონიათ ტელევიზიებიდან რომ საუბრობენ ამით შეძლებენ რამეს. ასე არ გამოვა, ხალხთან მუშაობაა საჭირო.
- საინტერესოა თქვენი აზრი, ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე, რომელიც ახალი პარტიის შექმნას აპირებს?
- ნიკა მელია ძალიან საინტერესო სუბიექტია. ამომრჩეველს უნდა ესაუბრო და დაარწმუნო შენში, უნდა დაანახო რომ შენი გეგმებით მისი პრობლემები უკეთესად მოგვარდება. ვფიქრობ, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მელიას ეს უნარები აქვს. ხალხი ამბობს: მოდით, დაგველაპარაკეთ. მელიას კი შეუძლია ეს დინამიური პროცესი აწარმოოს. შეიძლება საარჩევნოდ ის სიურპრიზი იყოს ბევრისთვის. თეორიულად, შესაძლოა, ორნიშნა შედეგთან ახლოს მივიდეს. კონკრეტიკაში ვერ შევალ.
- „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რას იტყვით?
- „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაკეტილი სისტემაა, სექტას ჰგავს. თავისი მხარდამჭერები სულ ეყოლება და ხმებსაც აიღებს. მეორე პოზიციას ინარჩუნებენ მტკიცედ, თუმცა გარკვეულწილად შეიძლება მელიამ შეარყიოთ. ლატენტური ნაციონალების ხმების ნაწილს წაიღებს მელია.
- რა აზრის ხართ გახარიას პარტიაზე?
- ბევრი პრობლემები აქვთ, მათ შორის, გახარიას აკლია „ხალხურობის“ უნარები. თუმცა მათ თავსი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ და ალბათ არ გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. მეეჭვება ორნიშნა შედეგი დადოს, დიდი ზრდის პერსპექტივა ნაკლებად აქვთ.
- „ლელოს“ რა შანსები აქვს?
- „ლელოსაც“ აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მათ შორის დიდი „კოზირია“ ფინანსების საკუთარი წყარო. პოლიტიკური პარტიის გამართვა მარტივი არ არის. წესით „ლელოც“ შეძლებს ბარიერის გადალახვას.
- საარჩევნო არითმეტიკით „ქართული ოცნების“ შანსები როგორია? მოგეხსენებათ არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება.
- გაუჭირდება 50%-ის აღება, თუმცა გამორიცხული არაფერია. გვყავს 4 ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც დიდი ალბათობით პარლამენტში მოხვდებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას პარტია, გახარიას პარტია და „ლელო“. თუ ხელისუფლება უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, პოლიტიკური პარტნიორების ძებნა დასჭირდება. მაგრამ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის სასიკეთო დინამიკა არ არის, ხელისუფლების პროპაგანდა კარგად მუშაობს. ახალგაზრდობა კი აპოლიტიკურია და ნაკლებად აქტიურობს.
- შეიძლება ბიძინა ივანიშვილი კიდევ წლების მანძილზე „ჩაბეტონდეს“ ქართულ პოლიტიკაში?
- ჩაბეტონებული არაა? (იცინის) ეს ძალიან ცუდია. თუმცა წინასწარ რამის თქმა რთულია. ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მე რომ პოლიტიკიდან წავედი 2013 წელს, ისიც მალე წავიდა. თუმცა მე რეალურად წავედი და მან, როგორც ჩანს, ბუჩქებში გადაინაცვლა. ჩვენ ინსტიტუციური მმართველობა გვჭირდება, ივანიშვილმა კი ეს თითქმის სრულიად გაანადგურა.
- წინასაარჩევნიოდ სალომე ზურაბიშვილის ფიგურას როგორ შეაფასებდით?
- მან ნამდვილად დააგროვა გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი, მათ შორის ახალგაზრდებშიც, თუმცა ამის კონვერტაცია შიდა პოლიტიკაში საკმაოდ პრობლემურია. მას კაპიტალი აქვს როგორც პრეზიდენტს, ინსტიტუციური რეიტინგი აქვს. გახარიასაც ჰქონდა პრემიერობისას. პოტენციალი არსებობს, თუმცა მოხდება თუ არა რეალიზაცია ვერ გეტყვით.
ესაუბრა გიორგი აბულაძე