თეგებით ძიება

რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს ისლანდიას საქართველოსთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მწვანე ენერგიაზე. იოჰანესონმა ისაუბრა ტურიზმის წახალისებაზეც და აღნიშნა, რომ ტურისტული მიმართულებით ისლანდიელების ინტერესი საქართველოს მიმართ შესაძლოა, გაიზარდოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს ისლანდიაში 2024 წლის იანვარში ექსპორტი არ განუხორციელებია, ხოლო გასულ წელს 8.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს საქართველოდან ისლანდიაში ექსპორტზე მხოლოდ ნატურალური ღვინო გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ისლანდიიდან 291 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ისლანდიიდან იმპორტირებული იყო მხოლოდ გაყინული თევზი. რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს იმპორტმა 4,658 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასულ წელს ისლანდიისგან ვიყიდეთ გაყინული თევზი (4,57 მლნ აშშ დოლარის), ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (73 ათასი აშშ დოლარის) და მსუბუქი ავტომობილები (15 ათასი აშშ დოლარის).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე გამოიყურება: ისლანდიიდან 2024 წლის იანვარში საქართველოში გადმოირიცხა 161 ათასი აშშ დოლარი, ხოლო საქართველოდან ისლანდიაში ფულადი გზავნილი არ დაფიქსირება. რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს ისლანდიიდან ფულადმა გზავნილებმა 2,445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან ისლანდიაში 9.5 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა.

დაბოლოს, რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ისლანდიიდან სულ 382-მა მოქალაქემ იმოგზაურა. 2024 წლის იანვრის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა