რა ბედი ეწია ,,ვიზეარის” ქართველ მგზავრს, რომელმაც ბელარუსის მოქალაქე სცემა
ავიაკომპანია „ვიზეარის“ ქართველ და ბელარუს მგზავრებს რუმინეთის დატოვების საშუალება უპრობლემოდ მისცეს. მათ მიმართ რაიმე სამართლებრივი ნაბიჯები არ გადადგმულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
ჩხუბი მემინგემი-ქუთაისის რეისზე 4 მარტს, იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი რუმინეთის საჰაერო სივრცეში იყო. დაშავებული მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი ავარიულად რუმინეთის აეროპორტში დაესვა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაპირისპირება ქართველ და ბელარუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკას აეროპორტში.
დაშვების შემდეგ ბორტიდან ჩაიყვანეს ბელორუსის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე.
როგორც რუმინული მედია იტყობინება, ბელარუსის მოქალაქე მემინგემში გაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეებმა გზა ქუთაისის მიმართულებით სხვა თვითმფრინავით გააგრძელეს.
ამავე ცნობით, რუმინელ სამართალდამცავებს ჩხუბის მონაწილეები არ დაუკავებიათ, რადგან მათ ჩხუბს საფრთხე არ შეუქმნია მგზავრებისა და თავად თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის.