თეგებით ძიება

ფსიქიატრიული კლინიკები გადავსებულია, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა ფსიქიკურმა აშლილობებმა იმატა - ექიმი-ფსიქიატრი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. ფსიქიკური აშლილობა მსოფლიოში სიკვდილიანობის 14,3%-ს იწვევს, რაც ყოველწლიურად, 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს.

საქართველოში ქცევითი აშლილობის დაახლოებით, 80 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ფსიქიკური აშლილობა ჯერ კიდევ ბევრ სტიგმას უკავშირდება და დაბალი ცნობიერების გამო, ადამიანები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ზოგი ვერსიით, ბოლო დროს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და კლინიკები პაციენტების მიღებას ვერ აუდიან.

TIA.GE დაინტერესდა ნამდვილად გახშირდა თუ არა ფსიქიკურად დაავადების შემთხვევები და ამ კითხვით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ „მენტალვიტა"-ს დირექტორს, გიორგი ნანეიშვილს დაუკავშირდა:

- არ ვიცი გახშირდა თუ არა. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, რასაც ვხედავ, დიდი ცვლილება არ მომხდარა.

- რატომ გაჩნდა განცდა, რომ ბოლო წლებში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იმატა? 

- ეს ადრეც ხდებოდა. დაახლოებით 25 წლის წინ, როდესაც შსს მინისტრი კახა თარგამაძე იყო, მან დააყენა საკითხი, რომ აი, ფსიქტრიული დახმარება არ ვარგა და ფსიქიკურად დაავადებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა იმატაო. იმ დროს მე სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი და ინსტიტუტის დირექტორი ვიყავი. დავუკავშირდი სტატისტიკის სამმართველოს და აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლების ბოლოს, საერთო დანაშაულიდან ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტების მიერ ჩადენილი დანაშაულის ოდენობა 0,17%-ს შეადგენდა. არ მგონია, რომ  მას შემდეგ სურათი შეცვლილიყო, უბრალოდ, დღევანდელი პრესა სკანდალის აგორებას ცდილობს. ეს უბრალოდ სენსაციისთვის კეთდება.

- ბოლოდროინდელ კრიმინალურ შემთხვევებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა დამნაშავის ოჯახი ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. ამ ადამიანებს სენსაცია არაფერში სჭირდებათ, თუმცა სიმულაცია, შესაძლებელია.. 

- შეიძლება, მაგრამ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. 

წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ადასტურებს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობამ მოიმატა და ამის მიზეზსაც ასახელებს.

ექიმი-ფსიქიატრი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ნარკოლოგ-ექსპერტი ზაზა გუნცაძე:

- რამდენიმე წელია, ფსიქიკურად დაავადებულთა რიცხვმა მართლაც მოიმატა. ეს შეიძლება იყოს მწვავე, გარდამავალი ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.  საუბედუროდ, ნარკოტიკების მოხმარება და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემად იქცა. მე მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაში ვმუშაობ და ვხედავ, რომ  პაციენტების რაოდენობა გვეზრდება. სამწუხაროდ, ეს პაციენტები კიდევ სხვა რაღაცეებს ამატებენ ხოლმე და ადრე თუ კლასიკური ფსიქოზები, შიზოფრენია და დეპრესიული აშლილობები გვხვდებოდა, ბოლოს დროს უფრო მეტად სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა ფსიქიკურმა აშლილობებმა იმატა, რომლებიც მწვავე ჰალუცინატორული, პარანოიდული და ა.შ. აშლილობებით გამოიხატება. სამწუხაროდ, ფსიქიატრიული კლინიკები იმდენად გადავსებულია, რომ ახალი პაციენტებისთვის ადგილები საძებნელია. სასწრაფო დახმარება და საპატრულო ეძებენ, რომ პაციენტი სადმე მოათავსონ. გამოდის, რომ სანამ ვინმე არ გაეწერება, პაციენტს ვერ აწვენენ. 

- გადავსებულ კლინიკებში პაციენტის მიყვანა როგორ ხდება, აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ფსიქიკურად დაავადებული პაციენტის მკურნალობას და ამ პირობებში სრულფასოვანი მკურნალობა რამდენად შესაძლებელია?

- მწვავე ფსიქოზზე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და ფინანსდება, მაგრამ როდესაც პაციენტი მშვიდდება, ექიმი ცდილობს სახლში გაუშვას და უფრო აგრესიული პაციენტი მიიღოს. ადრე რომ გრძელვადიანი მკურნალობა იყო, ეს უკვე შეზღუდულია, იმ პაციენტს დიდხანს ვეღარ გააჩერებ, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი ატიპიური ფსიქოზებია წამოსული ამ ნარკოტიკების გამო, რომ ამას ერთი კვირა და ათი დღე არ ჰყოფნის. მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებას სხვანაირი მკურნალობა და მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. ადრე სტაციონარში პაციენტის დაყოვნება ხდებოდა, ახლა ამის საშუალება ფაქტობრივად, აღარაა. მოიხსნება თუ არა მწვავე, უნდა გაწერო, რომ სხვა მიიღო. მერე სახლში ეს სიტუაცია ისევ მწვავდება და ყველაფერი თავიდან იწყება.

- ეს ადამიანები ხომ გარშემო მყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ?

- რა თქმა უნდა, მწვავე ფსიქოზიანი პაციენტები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სტაციონარებში ადგილების რაოდენობა გასაზრდელია, ასევე, ნარკოლოგიაში უნდა ჩაიდოს თანხა პაციენტების რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, ემიგრაციიდან ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ფსიქოზებით ჩამოდის და ასეთი ბევრი პაციენტი მყავს. უცხოეთში ეს ამფეტამინები და მეტამფეტამინები ძალიან ხელმისაწვდომია და ეს ფსიქიკური აშლილობები, ტვინის დაზიანება, ენცელოპათიები ძირითადად, ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების  გამო წამოვიდა. 

როცა საფრთხეებზე და რისკებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების უფლებებიც დასაცავია. ფსიქიკურად დაავადებული არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დამნაშავე გახდება და უნდა ჩავკეტოთ. რამდენი ჯანსაღი გონების ადამიანი ჩადის დანაშაულს ხომ? მაგრამ  მკურნალობა რა თქმა უნდა, აუცილებელია. 

- შექმნილ ვითარებაში რა გამოსავალს ხედავთ?

- მე ფსიქიატრიც ვარ და ნარკოლოგიც და უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ნარკოლოგიას უნდა მივხედოთ იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა ფსიქიკურმა აშლილობებმა იმრავლა. საშინელება ხდება. ვინ იცის, რა უცნობი ნივთიერებაა კიდევ შემოსული, რომელიც ბოლომდე შესწავლილი არაა. ზოგის ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ფსიქიკურ მდგომარეობას და ამ დროს ადამიანმა საშინელება ჩაიდინოს. იწყება მწვავე ჰალუცინოზი, აგრესიული ქმედებები და ამ ფონზე რა თქმა უნდა, დანაშაულებიც იმატებს. ზოგი სუიციდს ჩადის და სიმაღლიდან  ხტება, ზოგი სხვას ერჩის. უკვე ვეღარ ავუდივართ, იმდენი მომართვიანობა გვაქვს მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიაში. სამწუხაროდ, ასეა, ჩვენი პაციენტების რიცხვი იზრდება და ეს უბედურება მარიხუანით იწყება. მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს რომ მარიხუანაზე ხელი მუწვდებათ, საგანგაშო მგონია და ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკაც შესაცვლელია.

- რა მიმართულებით?

- ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს მარიხუანის ასეთი ხელმისაწვდომობა და სასჯელი უნდა გამკაცრდეს. რა თქმა უნდა, პროპაგანდაც არ შეიძლება. ყველა უნდა დაირაზმოს, სკოლაც, ეკლესიაც, საზოგადოებაც. ხშირად უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, უნდა გავაგებინოთ, რომ მარიხუანა უბედურების კარიბჭეა და აქედან უფრო მრავალფეროვანი ნარკოტიკებისადმი ლტოლვა იწყება. მერე რა, ბალახიაო ვინც ამბობს, იმან არ იცის, ეს ბალახი რამდენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ცნობიერების მოშლას და ფსიქიკის დარღვევას იწვევს. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. ისედაც მცირე ერი ვართ და ახალგაზრდები გვეღუპება!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა