თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

ვილნიუსში ნავალნის გუნდის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით სცემეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარეო ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ვოლკოვს მანქანის შუშა ჩაუმსხვრიეს, თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩით სცემეს. იარმიშის თქმით, თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ. 

ვოლკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ჩაქუჩს ფეხში ურტყამდნენ. სხეულის ეს ნაწილი გადაურჩა, თუმცა რუსმა ოპოზიციონერმა ხელი მოიტეხა.

"მთავარია, რომ ვიმუშავებთ და არ დავნებდებით." – თქვა ვიდეოში ვოლკოვმა.

ამას გარდა, ვოლკოვმა თავდასხმას უწოდა "მორიგი, ტიპური და დამახასიათებელი ბანდიტური მოკითხვა პუტინისგან, ბანდიტური პეტერბურგიდან". მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნავალნის გუნდის მიერ დაანონსებულ პროტესტს შეუერთდნენ.

ვოლკოვზე თავდასხმას გამოეხმაურა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

"ლეონიდზე თავდასხმის ამბავი შოკისმომგვრელია. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ. დამნაშავეები დანაშაულზე პასუხს აგებენ." – დაწერა ლანდსბერგისმა X-ზე.

ვოლკოვზე თავდასხმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელიც 15-17 მარტს გაიმართება, 2 დღით ადრე მოხდა. ნავალნის გუნდი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 17 მარტს, 12:00-ზე საარჩევნო უბნებთან შეიკრიბონ და ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა კანდიდატს ვლადიმირ პუტინის გარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა