თეგებით ძიება

სებ-მა დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ლადო პაპავა მონეტარულ პოლიტიკაზე

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებით სებ-მა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. 

მისი თქმით, საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა და სებ-ს საშუალება მიეცა ზომიერი ნაბიჯები გადაედგა და განაკვეთი ისევ შეემცირებინა.

„საქართველოში სტაბილურად საკმაოდ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა. ყველა პარამეტრი, გაცვლითი კურსი სტაბილურია, ინფლაცია ზომიერების ფარგლებშია და ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაკვეთი 9%-დან 8,25%-მდე შემცირებულიყო“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, როცა მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირდეს და ლოგიკურია, რომ პერიოდულად ყოველ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება.

„პირველი და მთავარი - ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება არის თუ არა გაბედული - გარკვეული აზრით არის, რადგან მანამდე შემცირებები უფრო ზომიერი იყო. ახლა ცოტათი მეტია, თუმცა 1 პროცენტულ პუნქტზე დაბალია. გარე საფრთხეები არ არის გამორიცხული და ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა. თუ საჭირო იქნება გარკვეული კორექტირებების შეტანა, სებ-ს შესაბამისი ბერკეტები გააჩნია. თუ გლობალური პროცესები იქნება არასტაბილური, ამან შეიძლება გამკაცრება მოითხოვოს“, - აღნიშნა პაპავამ.

აკადემიკოსი ხაზს უსვამს, რომ ინფლაციის დაბალმა დონემ და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობამ სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება მისცა.

„ინფლაციის მაჩვენებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შეფასებისთვის. თებერვალში ფასების საერთო დონე 0,3%-ით გაიზარდა და საბაზო ინფლაცია არის 2,4%-ი. ეს სავსებით ნორმალური მაჩვენებელია და ის სამიზნე მაჩვენებლებზე დაბალია. ინფლაცია განაპირობებს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირებულიყო“,- აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ სტაბილურია. ჩვენ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტები რომ არ გაძვირდეს გაცვლითი კურსი იყოს მეტ-ნაკლებად სტაბილური.

ამასთან ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ რჩება გარკვეული საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ ეკონომიკასთან და არსებულ გამოწვევებთან.

„რადგან გარე საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საკმაოდ ზომიერი და მართებულია.

რომ არა ეს საფრთხეები, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს ვურჩევდი, უფრო მნიშვნელოვანი შემცირება განეხორციელებინა. თუმცა ამ ეტაპზე ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა“, - აცხადებს ლადო პაპავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა