ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას უნდა ველოდოთ - „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე
ბენზინის თვითღირებულება 20 თეთრით უკვე გაიზარდა - ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, საწვავის თვითღირებულების ზრდა, შემდეგ უკვე საცალო ქსელზე ისახება, შესაბამისად, თუ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელი დარჩა, ბენზინი 20 თეთრით გაძვირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა.
„უმთავრესი ინდიკატორი, საბითუმო ბაზარზე არსებული სიტუაციის ცვლილებაში გამოიხატება ყველაზე უფრო სწრაფად და ადეკვატურად. პრინციპში ამ მატების შესახებ 2 კვირის წინ ვთქვით და ამის პროგნოზირება არ იყო რთული საქმე, იმიტომ, რომ ის საწვავი, რომელიც აქამდე რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო იაფი იყო, ვიდრე რაც ახლა უნდა შემოვიდეს. მისი თვითღირებულება 20 თეთრით არის განსხვავებული (გაზრდილი). თვითღირებულება შემდეგ ძალიან სწრაფად აისახება საბითუმო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ყველა სხვა გარეშე ფაქტორი უცვლელი დარჩა, ამ მატებას (ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას) უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.