კეკელიძეზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ
პროკურატურამ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ "მაუწყებლის" ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრი" წერს, 23 იანვარს ჟურნალისტებს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს - უკანონოდ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
"ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც აღსრულების პოლიციის თანამშრომლები, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, კერძოდ, ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ერთ-ერთ ჟურნალისტს არაერთხელ წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ძალადობის შედეგად, დაზიანდა ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი.
თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა მათ პროფესიულ საქმიანობაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ შეწყვეტილა.
2024 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოითხოვა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა. შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მედიის ხუთივე წარმომადგენელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებული ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით იქნენ ცნობილი რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ესე იგი მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ამასთან, სამი ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს," - ნათქვამია HRC-ის განცხადებაში.