თეგებით ძიება

"მთავარია დაკარგული ხმების რაოდენობა 10%-ზე მეტი არ იყოს" - ვახტანგ ხმალაძე

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა:

- ბატონო ვახტანგ, რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები? მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩეს მეოთხე ვადით ხელისუფლებაში...

- ეჭვი მეპარება „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, მეტიც, დარწმუნებული ვარ ასე არ იქნება. რაც შეეხება უმრავლესობის მოპოვებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია სწორად ორგანიზებას. ამაში ვგულისხმობ, რომ  პატარა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ძალიან მცირე შანსი აქვთ 5%-იანი ბარიერის დაძლვის, ან არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან მიიღონ რომელიმე ისეთ პარტიასთან ერთად, რომელთაც რეალური შანსი აქვთ ბარიერის გადალახვის. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დაკარგული ხმების ოდენობა აღმოჩნდეს 10%-ზე ნაკლები.

- რას ფიქრობთ რამდენად აქვს რესურსი „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებლად ხმათა 50%-ზე მეტი მიიღოს?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ მას 50%-ზე მეტის მიღება არ შეუძლია. თუმცა საქმე იმაშია, რომ თუ დაკარგული ხმების რაოდენობა (ანუ იმ ხმების, რომლებიც ვერ მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას) 10%-ზე მეტი იქნება, „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლოა 42%-ც საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს.

- ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა, ალოკაციით შედეგები ასე გამოიყურებოდა: ქართული ოცნება-40.8%, ენმ-18.7%, ლელო-5.3%,  გახარიას პარტია-5.2%, მელია-გვარამიას ერთობა ახალი-2.9%. ამ მონაცემებზე რას ფიქრობთ?

- გამოდის 5%-ზე ქვევით ორნიშნა ციფრი რჩება, პროცენტული თანაფარდობიდან გამომდინარე მათი თითქმის ნახევარი გადაეცემა „ქართულ ოცნებას“ და სწორედ აი ამ ხმების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. თუ ასეთი შედეგი დადგა ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდება, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის ორგანიზებას. თუმცა მხოლოდ ესეც არაა პრობლემა, მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის სწორი ინფორმაციის მიცემაც, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ თუ ისეთ პარტიას დაუჭერს მხარს რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, მისი ხმების დიდი ნაწილი „ქართული ოცნებისკენ“ წავა. მთავარი არის დაკარგული ხმების რაოდენობა 10%-ზე მეტი არ იყოს, შეიძლება პარტიამ 48% მიიღოს, თუმცა ნაშთი იმდენად მცირე იყოს რომ 50%-ზე მეტი ვერ დააგროვოს და მაინც უმცირესობაში აღმოჩნდეს.

- ჩვენი კვლევით ბარიერისგან არცისე შორსაა მელია/გვარამიას პარტიაც, როგორ ფიქრობთ მათ რა შანსები აქვთ?

- შანსები საკმაოდ აქვთ. მე მათ ვურჩევდი გამსხვილდნენ. სრულად ვიზიარებ დავით ბერძენიშვილის ანალიზსა და რეკომენდაციას ე.წ. „პატარების დიდი გაერთიანების“ შესახებ. 

- ზოგიერთი თვლის, რომ თუ მმართველი პარტია ისევ შეინარჩუნებს ძალაუფლებას ისე უფრო მკაცრ ავტორიტარულ მმართველობას მიმართვას, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ძნელი სათქმელია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე. ამჟამად სტაგნაციაა ფრონტზე, თუ მოხდა გარღვევა უკრაინის მხრიდან გაძლიერდება პროდასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციები, ხოლო თუ პირიქით მაშინ ხელისუფლება შეძლებს პრორუსი ამომრჩევლის უკეთ მობილიზებას.

- ასევე არსებობს შიშები, რომ თუ ხელისუფლება დაინახავს არასასურველ შედეგს ის მიმართავს მასშტაბურ გაყალბებებს...

- არ არის გამორიცხული ასეთი სცენარი, თუ მსგავსი რამ იკადრეს ამას მოჰყვება სერიოზული მღელვარება.

-ლელოსა“ და გახარიას აქვთ შანსი მიიღონ ან მიუახლოვდნენ ორნიშნა შედეგს?

- არაერთი არჩევნების დროს მომხდარა ისე, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვები იძლეოდა სხვა შედეგს, ხოლო უშუალოდ არჩევნების წინ მომხდარა რაღაც ისეთი გადატრიალება, რომ შეეცვალა შედეგები. ასე რომ, ახლა რამის თქმა ძალიან რთულია, არჩევნებამდე საკამრისი დროა და ბევრი რამ შესაძლოა მოხდეს.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა