ქართულმა ღვინოებმა აშშ-ში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (TEXSOM) სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
TEXSOM-ის კონკურსზე 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.
გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტექსასის სომელიეთა კონფერენცია 2005 წელს ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით დაარსდა, შემდეგ კი ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად გადაიქცა. 2014 წლიდან კონფერენციას ღვინის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი დაემატა, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც ღვინის პროფესიონალები და სომელიეები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე მოეწყობა.
გამარჯვებული ღვინოების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.