დრონები ევროპის ჩემპიონატისთვის ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხეა - გერმანიის პოლიცია
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები ევროპის ჩემპიონატისთვის ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხეა.
"დრონები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება. ქვეყნის მასშტაბით ფრენის სრული აკრძალვა მთელ გერმანიაში [უნდა ამოქმედდეს] ევროპის ჩემპიონატის წინ, მიმდინარეობისას და ცოტა ხნით, დასრულების შემდეგაც". - უთხრა გამოცემა BILD-ს გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეას როსკოფმა.
ამავდროულად, გამოცემა Rheinische Post-თან საუბრის დროს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს "ექსტრემისტებისა და კრიმინალების" ქვეყანაში შემოსვლის მზარდ საფრთხესთან ბრძოლის მიზნით, გერმანიის ყველა სასაზღვრო ზონაში დროებითი სასაზღვრო კონტროლი იგეგმება.
"ტურნირის მიმდინარეობის დროს ყველა გერმანულ საზღვარზე დროებით სასაზღვრო კონტროლს განვახორციელებთ, რათა შევძლოთ კრიმინალების ქვეყანაში შემოსვლის თავიდან აცილება. ეს აუცილებელია, რათა ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს". - თქვა ფეზერმა.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტურნირის ფარგლებში მატჩები გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.