უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს სკოლაში სიარული?
უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს სკოლაში სიარული?
ბავშვი ვალდებულია წავიდეს და დარჩეს სკოლაში, მაგრამ ყველა ბავშვი ამას ვერ ახერხებს... იმიტომ არა, რომ განებივრებულია ან თავხედია და არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ, ზოგიერთ ბავშვს აქვს ე.წ. სეპარაციის შფოთვა, რის გამოც არ ჩერდება ახლობლის გარეშე, ვერ რჩება სასწავლო გარემოში.
სეპარაციის შფოთვისას ბავშვს ეჩვენება, რომ მას დატოვებენ და აღარ მიაკითხავენ. მშობლის გარეშე დარჩენა მისთვის პანიკური შეტევის ტოლფასია. ასეთ დროს არასწორი ქცევაა მასწავლებლის მხრიდან, როცა ეუბნება მშობელს: კარი დახურეთ, იტირებს და გაჩერდება. ეს არ არის ის სიტუაცია, როცა კანფეტი უნდა და არ ვაძლევთ – იტირებს და გაჩერდება. არიან ბავშვები, რომლებიც მთელი წელი, ზოგი – ორი წლის განმავლობაშიც კი, არ ჩერდება მშობლის გარეშე.
არის მეორე ტიპის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვებს შორის... ეს არის სასკოლო შფოთვა.
სასკოლო შფოთვაა, როდესაც უხარია სკოლაში წასვლა, სკოლა არ აძლევს იმის საბაბს, რომ არ წავიდეს, მაგრამ მისვლისას იწყებს ტირილს კართან. დედას კი ასეთ დროს უკან მოჰყავს. ესეც პანიკური შიშის ტოლფასია – უნდა, მაგრამ შიშს და შფოთვას ვერ ლახავს. დედა კარგად მოიქცა, როცა უკან წამოიყვანა, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი რაციონალური შფოთვა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, სწორი მიდგომა და მხარდაჭერა. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია, რომელსაც მშობელი მარტო ვერ გაუმკლავდება. ეს არის მკურნალობა, როცა წამლის ნაცვლად სიტყვით და თამაშით ტარდება თერაპია და ბავშვი ეგუება, აცნობიერებს, რომ მშობელთან სეპარაცია, ანუ განშორება, ცუდს არაფერს მოუტანს. იაზრებს, რომ ახალი გარემო სულაც არაა საფრთხის შემცველი.
დაწყებითი პერიოდის ასაკში შვილებს მშობლების მხარდაჭერა, ინფორმირებულობა, სწორი დამოკიდებულება გადაალახვინებს მსგავს და კიდევ უამრავ ყოფით პრობლემას.
სკოლასთან შეგუება
ბავშვის სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვანია შეგუების პროცესი. სკოლაში შესვლიდან 5-6 კვირა სკოლასთან საადაპტაციო პერიოდად ითვლება.
ბავშვი სკოლის მოთხოვნებს რომ შეესატყვისებოდეს, უნდა იყოს მომწიფებული ფიზიკური, გონებრივი, პიროვნული თვალსაზრისით, მაგრამ სკოლის პირველი დღეები ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია. სკოლისთვის მზაობის გარდა, გასათვალისწინებელია შეგუების თავისებურებანი (სკოლასთან, ახალ გარემოსთან).
პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სკოლასთან შეგუება ბავშვებთან განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგი ბავშვი იოლად ეგუება სკოლასაც და საზოგადოდ, ნებისმიერ ახალ გარემოსაც. ასეთი ტიპის ბავშვები ძირითადად მხნედ არიან. გაკვეთილებზე აქტიურობენ, არ უყვართ სკოლის გაცდენა, კეთილსინდისიერად ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს.
ზოგ ბავშვს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. ასეთი ბავშვები სკოლაში არ უშვებენ შანსს, რომ არ ითამაშონ, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან, ეკამათებიან თანაკლასელებს და ხშირად არიან უკმაყოფილონი.
ზოგი ბავშვი კი ძალიან რთულად ეგუება სკოლას. ხშირად არ უნდათ სკოლაში წასვლა, ხშირად არიან ცუდ ხასიათზე, უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა. ზოგჯერ ხელს უშლიან მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში.
რატომ უჭირთ პატარებს სკოლასთან შეგუება?
ბავშვებს სკოლასთან შეგუება რამდენიმე მიზეზის გამო უჭირთ:
1) სოციალური როლის ცვლილება – უდარდელი სკოლამდელი ცხოვრებიდან ბავშვი იქცევა მოსწავლედ, მას უჩნდება ახალი, რთული ვალდებულებები: სკოლაში დროულად მისვლა, გაკვეთილებზე ყურადღებით ყოფნა, დავალებების შესრულება და ა.შ. ბავშვი ხვდება ახალ გარემოში, რომელსაც თავისი მოთხოვნილებები გააჩნია – როდის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს.
2) წამყვანი ქცევის ცვლილება – სკოლაში შესვლამდე ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია. სკოლაში შესვლასთან ერთად კი მან უნდა „ისწავლოს სწავლა“, დაიმახსოვროს გარკვეული მასალა, უპასუხოს მასწავლებლის კითხვებს. თამაში მეტად თავისუფალი საქმიანობაა. სწავლა კი ბავშვისგან ნებისყოფას მოითხოვს, სკოლაში მას უწევს იმის კეთება, რაც ზოგჯერ არ უნდა და დიდად არ მოსწონს, ამიტომ იძულებულია ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი.
3) სპეციფიკური რეაქციების აღმოცენება – სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად 67-69% სკოლისათვის მოუმზადებელ ბავშვს უჩნდება შიშები, ეწყება ტირილის შეტევები ან მოქმედებათა შეკავება. ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ მასწავლებლის, დაფასთან საპასუხოდ გასვლის, შენიშვნის, სკოლაში დაგვიანების და ა.შ.
4) სოციალური გარემო: ოჯახი, კლასი, მასწავლებელი – ოჯახური გარემო, რომელშიც იმყოფება ბავშვი, დიდად განაპირობებს მის წარმატებებს სკოლაში. დაძაბული, კონფლიქტური გარემო ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.
სკოლასთან ადაპტაცია არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს თავის დამკვიდრება თანატოლთა წრეში. აქტიური, კონტაქტური ბავშვები ხშირად უკეთ სწავლობენ. ძალიან წყნარ ბავშვებს, რომელთაც უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ზოგჯერ, სკოლასთან შეგუებისასაც უჩნდებათ პრობლემები. მასწავლებლის ბავშვებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვის წარმატებას სკოლაში. მასწავლებლის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად იწვევს იმას, რომ ბავშვი გულს იცრუებს სწავლაზე, გამოირჩევა დაბალი თვითშეფასებით.
წყარო: მკურნალი.გე