თბილისში ძველი ბინების გაყიდვები მარტში წლიურად 25%-ით შემცირდა
2024 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 25%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 127 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ხოლო ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
„2024 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 4% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7% და 1%-იანი კლება დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, დოკუმენტში მიმოხილულია დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 1-ლი კვარტალის მონაცემებიც.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული.
„2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9 824 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი,“- აღნიშნულია კვლევაში.