სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს
2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მარტში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა თითქმის 287 მილიონი დოლარით და შეადგინა 8.326 მლრდ დოლარი, 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 8.039 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვალი კი 433.164 მილიონი დოლარიდან 396.553 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ამასთან, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2024 წლის მარტის მდგომარეობით:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.238 მლრდ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.118 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.519 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 556.8 მლნ დოლარი .