რასაც საკანონმდებლო ორგანოში ვხედავთ, ეს დამარცხებული ხელისუფლების სახეა - ვასო ურუშაძე
დღეს, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ვხედავთ, ეს არის დამარცხებული ხელისუფლების სახე. მათ ილუზია აქვთ, რომ ძალადობრივი გზით რუსული კანონის მიღებით, ხელის გადაგრეხით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას - ეს არის გამორიცხული. ისინი არიან განწირულები მარცხისთვის!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„დღეს რასაც ვხედავთ საკანონმდებლო ორგანოში, ეს არის დამარცხებული ხელისუფლების სახე. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი, რომელსაც 12 წელია მიტაცებული აქვს სახელმწიფო ძალაუფლება, არის დამარცხებული. მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების, არანაირი შანსი არ აქვთ შესთავაზონ საქართველოს მოქალაქეებს რაიმე კეთილდღეობა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდებათ უკეთესი ცხოვრება, უკეთესი სამუშაო ადგილი, უკეთესი შემოსავალი, სჭირდებათ განვითარება, პერსპექტივა, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს და მათ ილუზია აქვთ, სამწუხარო ილუზია, რომ ძალადობრივი გზით, რუსული კანონის მიღებით, ხელის გადაგრეხით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას - ეს არის გამორიცხული. ისინი არიან განწირულები მარცხისთვის.
ძალიან მალე საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში, ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ქვეყანაში აღარ იქნება არც სიღარიბე, არც სამუშაო ადგილის პრობლემა, ადამიანები არათუ ემიგრაციაში წავლენ, არამედ, საქართველოში ჩამოვლენ და საქართველო იქნება მიზიდულობის ცენტრი დასაქმების, ეკონომიკური საქმიანობის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ვერანაირი ოლიგარქი და რუსული გავლენა საქართველოში ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ქართველი ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად და ჩვენ ძალიან მალე ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.