თეგებით ძიება

წარმოუდგენელია, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს უმსგავსობა?.. შეიძლება, რომ ერთი ინვესტორის გასამდიდრებლად ბათუმის პორტი, უბე, ეკოლოგია და ტურიზმი რისკის ქვეშ დავაყენოთ? - არჩილ გუჩმანიძე

„ჩემთვის წარმოუდგენელია, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს უმსგავსობა და საერთოდ, ვის ინტერესებშია პროექტი, რომელიც გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელს.  შეიძლება, რომ ერთი ინვესტორის გასამდიდრებლად ბათუმის პორტი, ბათუმის უბე, ამხელა აკვატორიის ეკოლოგია და ტურიზმი რისკის ქვეშ დავაყენოთ? დაველოდოთ, ორ თვე წინაა და შემდგომ კიდევ ჩავერთვებით. რა თქმა უნდა, ამ საქმეს არ მოვეშვები და ბოლომდე მივყვები“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის ექსპერტმა, იქთიოლოგმა, არჩილ გუჩმანიძემ TIA.GE-სთან, ბათუმის კუნძულის (შპს ამბასადორ აილენდი) პროექტის დახარვეზების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პროექტის დახარვეზების მიზეზი გახდა ის, რომ ანგარიში ძალიან სუსტი იყო და მთელი რიგი შეუთავსებლობები ჰქონდა. არ იყო გათვალისწინებული საფრთხეები, მთელი რიგი მიმართულებით არ იყო ჩატარებული სათანადო კვლევა, მოკლედ, ანგარიშს ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა და ვფიქრობ, სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ კვლევა, რომელიც პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს, ყველაფერი იყო კვლევის გარდა. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ასეთი დონის კვლევებზე, ასეთ გათვლებზე და ასეთ შეფასებებზე დაყრდნობით არ კეთდება. ამას კორექტული კვლევა ჭირდება. ჩემთვის რთული სათქმელია, ეს მიზანმიმართულად თუ არაკომპეტენტურობის გამო მოხდა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები კრიტიკასაც არ ექვემდებარებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა პროექტები, ასეთი გათვლებით და ასეთი კვლევებით იგეგმებოდა და ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს გუჩმანიძე.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ ინვესტორის ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს.

„ეს პროექტი არავის სჭირდება - არც ბათუმს, ზღვისპირეთს, არც ტურიზმის სექტორს, ბათუმის პორტს, არ სჭირდება არც საქართველოს. ეს პროექტი მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც ინვესტორის ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება, ქვეყანას კი მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს. მერწმუნეთ, ის დააზიანებს ბათუმის პორტს და ბათუმის უბეს, მთლიანად გაანადგურებს ამ მონაკვეთს და სერიოზულ რისკებს შექმნის ზღვისპირეთში ტურიზმის განვითარების კუთხით იმიტომ, რომ ნავთობით დაბინძურების და ეკოლოგიური ზიანის სერიოზულ რისკების ქმნის. ერთი სიტყვით, ეს პროექტი არავის სჭირდება და იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგებიან, როგორც ახლა გააკეთეს ამისთვის მადლობელი ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალშიც. შეიძლება უარი არ თქვან და რაღაც დამატებითი პერიოდი მისცენ იმიტომ, რომ ეს კვლევა არ იყო, ეს იყო კომიქსი ამ სიტყვის სრული მნიიშვნელობით. ამხელა პროექტზე, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს ჩვენი ქალაქი, კომპანიამ წარმოადგინა კომიქსი და დაარქვა კვლევა. ეს კადრეს ბათუმს, ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. თან გამოდიოდნენ და გვატყუებდნენ, რომ ამას საერთაშორისო, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო სტრუქტურები ჩაატარებდნენ და საბოლოოდ გამოვიდა, რომ კვლევა გარემოს ეროვნულ სააგენტომ ჩაატარა - სტრუქტურამ, რომელიც თავად არის ნებართვის გამცემი. ეს ხომ პირდაპირ კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა? ჩემთვის წარმოუდგენელია, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს უმსგავსობა და საერთოდ, ვის ინტერესებშია პროექტი, რომელიც გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელს. შეიძლება, რომ ერთი ინვესტორის გასამდიდრებლად ბათუმის პორტი, ბათუმის უბე, ამხელა აკვატორიის ეკოლოგია და ტურიზმი რისკის ქვეშ დავაყენოთ? დაველოდოთ, ორ თვე წინაა და შემდგომ კიდევ ჩავერთვებით. რა თქმა უნდა, ამ საქმეს არ მოვეშვები და ბოლომდე მივყვები“, - ამბობს გუჩმანიძე TIA.GE-სთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა