თეგებით ძიება

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას ICAO და საქართველო გვიბლოკავს - ასლან ბჟანია

"აეროპორტის მშენებლობას, მის ამოქმედებას ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და საქართველო გვიბლოკავს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა. ასლან ბჟანიას თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, რუსეთი მათ გვერდით დგას.

"ორგანიზაცია საქართველოს ინიციატივით, ამ პროექტს ბლოკავს. პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. რა თქმა უნდა, აეროპორტი ადრე აშენდებოდა, რომ არა ასეთი დაბრკოლებები", - განაცხადა ბჟანიამ.

როგორც ასლან ბჟანია ამბობს, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია გრძელდება და პროცესში რუსეთი ეხმარება. ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსული კომპანიები, რომლებიც აფხაზეთში ფრენებს შეასრულებს, შესაძლოა, დასანქცირდნენ.

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს სურს. აფხაზებმა მისი კომპანია ინვესტორად უკვე შეარჩიეს.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი წელს უნდა შესრულდეს. ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლადაა შეფასებული, საიდანაც 5.6 მლრდ რუბლი რუსეთის ფინანსური დახმარებაა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა