ამ დღეებმა აჩვენა, როცა ივანიშვილი ერთს სცემს, 100 გამოდის, როცა 10-ს იჭერს, ათასი, ათი ათასი, ბრძოლას გავაგრძელებთ - თინა ბოკუჩავა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა "ივანიშვილის 83-მა მოღალატემ" ვერ მიიღოს რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე.
"მორგ ჯერზე დაარბიეს, უმოწყალოდ სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს 1 წუთსა და 7 წამში. აი, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთსა და 7 წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის მონობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლებისმოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი. ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს, რომ დააშინოს. ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია. როდესაც ის ერთს სცემს, ასი გამოდის. როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი ადამიანი გამოდის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში. იცით, რომ ხვალ არის პლენარულის ხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი, მონური მორჩილებით, რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღონ მესამე მოსმენით. იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომელმაც რუსული გზა და რუსი ოლიგარქის მორჩილება აირჩა რუსული კანონის მხარდაჭერით. ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით აქვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება და ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპის გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილალ ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და დიახ, ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო. მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას," - აცხადებს ბოკუჩავა.