გაკოტრებული ოპოზიცია ისევ გარეთ ეძებს მხარდაჭერას, რომელიც უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში, მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ - არჩილ თალაკვაძე
გაკოტრებული ოპოზიცია ისევ გარეთ ეძებს მხარდაჭერას, რომელიც უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში და საკუთარი ხალხისგან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მიუთითებს, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.
თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„საქართველოს ხელისუფლება მზად არის და მომავალშიც მზად იქნება მეგობრებთან საუბრისთვის ყველა თემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, მეგობრობას ეხება, იქნება ეს პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თუ სავიზო საკითხების განხილვა. რეგიონში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, საქართველო დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა რეგიონში, შესაბამისად, ჩვენ ამ და სხვა საკითხებზე საუბრისთვის ყოველთვის მზად ვართ. რაც შეეხება წინასწარ სპეკულაციებს, გვესმის, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ისევ გარეთ ეძებს მხარდაჭერას, რომელიც უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ხალხისგან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არაერთხელ დამარცხების შემდეგ, მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ერთადერთი, რაზეც იმედებს ამყარებენ, ეს არის დესტაბილიზაცია, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მცდელობა, ასე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.