ყირგიზეთში როგორც კი მიიღეს ეს „აგენტების კანონი“, მეორე დღესვე დატოვა ყველა დასავლურმა ფონდმა - რომან გოცირიძე
„რაც ლონდონის ბირჟამ გვითხრა, ის ათმაგად უარესად წარიმართება საქართველოში“,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ყირგიზეთმა ე.წ აგენტების კანონი მიიღო, მეორე დღესვე ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფონდმა დატოვა.
„საქართველოს მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ლონდონის ბირჟამ საქართველოს ტემპერატურა გაზომა და ავიდა 42 გრადუსზე. ნელ-ნელა შეიძლება როგორღაც ამ ბანკების კაპიტალიზაცია გაიზარდოს, თუმცა რომც გაიზარდოს 1 წლის შემდეგ, ეს პერიოდი ხომ დაკარგულია?!
პირველი სიგნალი მიიღო ქვეყანამ, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რაც ლონდონის ბირჟამ გვითხრა, ის ათმაგად უარესად წარიმართება საქართველოში. ყირგიზეთში როგორც კი მიიღეს ეს „აგენტების კანონი“ (სულ რაღაც 3 კვირის წინ მიიღეს), მეორე დღესვე დატოვა ყველა დასავლურმა ფონდმა, მათ შორის, სოროსის ფონდმა, კერძო ფონდებმა, დატოვა USDA-მ, ყველა განვითარებულმა სააგენტომ, ეს რაც ეხება მედიასა და ამ კანონის მავნე ზემოქმედებას არასამთავრობო სექტორზე. ამის შემდეგ უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი როცა ამბობს, რომ ის 320 მლნ აშშ დოლარის დახმარებას არ გაუწევს, მათ შორის, სამხედრო კუთხით, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ევროკავშირმა 1,2 მლრდ ლარის დახმარება მოგვცა მხოლოდ პანდემიის დროს, ხალხს ფულს რომ ურიგებდა მთავრობა, ფერმერების კომპენსაციას რომ აკეთებდა, ბიზნესი გაჩერებული რომ იყო და პლუს - ვაქცინები შესასყიდი. ეს დახმარებები ყველაფერი გაჩერდება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.