თეგებით ძიება

„საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის გეგმები კვლავ ძალაშია“ - დავით ქართველიშვილი

ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ კოლექტიურ დასავლეთს სასწრაფოდ სჭირდება შავი ზღვის აკვატორიის საქართველოს მონაკვეთის თავის უპირობო და მორჩილი კონტროლის ქვეშ აყვანა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის გეგმები კვლავ ძალაშია, ამისთვის კი კოლექტიურ დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა აუცილებელ პირობად მიაჩნია.

„აზერბაიჯანში - USAID-ისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ ჩაფიქრებული სახელმწიფო გადატრიალების ერთობლივი სპეცოპერაცია როგორც ვიცით - ჩაიშალა. ორივე მონაწილე მხარე „ნონ-გრატას“ პერსონებად არიან გამოცხადებული. ბაქოს დროებითი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცა.

სომხეთში - მიმდინარეობს ბოლომდე ჯერ კიდევ „გაურკვეველი“ ტურბულენტური პროცესები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რომელმაც მიუხედავად მრავალგზის განხორციელებული ზეწოლისა, უარს აცხადებს რუსეთთან ხიდების საბოლოო აფეთქებაზე.

აზერბაიჯანსა და სომხეთზე სახელისუფლებო კონტროლის დამყარება „გ.ო.პ.“-ნიკებს (გლობალური ომის პარტია) აძლევდა შესაძლებლობას მოქმედებაში მოეყვანათ ბლინკენის შარშანდელი, სექტემბერში გაცხადებული გეგმა - ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

თურქეთში ამ დღეებში მიმდინარეობს მორიგი უშედეგო სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის სპეცოპერაცია. მერამდენე თვეა ცდილობენ ირანის შარში გახვევას - ახლო აღმოსავლეთში დიდი გეოპოლიტიკური ხანძრის გაჩაღების მიზნით.

ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი ევროპელი ლაქიები ყველანაირად ცდილობენ თეთრი სახლიდან სავარაუდოდ გაურკვეველი ვადით გამოსვლის წინ, რაც შეიძლება დიდი მასშტაბის გამანადგურებელი მემკვიდრეობა დაუტოვონ მსოფლიოს. რა თქმა უნდა, ძირითადი სამიზნე რუსეთია.

ამ დღეებში გააქტიურდა ყირიმის დაბომბვა შავი ზღვის აღნიშნულ აკვატორიაში რუსეთის პარალიზების მიზნით. რომ არა ნოვოროსიისკის ნავსადგურთან დაკავშირებული საერთაშორისო ტრანს-კორპორაციული ინტერესები - ამ პორტსაც დიდი ხანია სარაკეტო დარტყმები არ ასცდებოდა.

მოკლედ, ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ კოლექტიურ დასავლეთს სასწრაფოდ სჭირდება ასევე შავი ზღვის აკვატორიის საქართველოს მონაკვეთის თავის უპირობო და მორჩილი კონტროლის ქვეშ აყვანა. ამისთვის კი მოქმედი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის გეგმები კვლავ ძალაშია.

ეს არის მოკლედ ის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო და რაც ჩვენს შიგნით ხდება. ახლა არც იმის დროა, რომ ამ გეგმების განხორციელების შესახებ, „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებულ ბავშვებს რამე ავუხსნათ და არც ამ ახსნას აქვს არანაირი აზრი ამ ეტაპზე. ახლა იმის დროა, ვისაც გვესმის, რაც ხდება - ჩვენ მოვიდეთ აზრზე და გვერდით დავუდგეთ იმ ჯანსაღ ძალებს, ვინც ხელისუფლებასთან ერთად ამ გეგმების განხორციელებას წინ აღუდგება“, - წერს დავით ქართველიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა