აქტიურად ავრცელებენ სიცრუეს, რომ კანონი ეხება ფიზიკურ პირებს ან მით უმეტეს, ავალდებულებს მათ სადმე დარეგისტრირებას - „ფიზიკური პირი" კანონში საერთოდ არაა ნახსენები - დავით ქართველიშვილი
ადამიანის შესახებ კონფიდენციალური, პირადი, საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის სფეროს მკაცრად არეგულირებს „პერსონალური ინფორმაციის დაცვის“ კანონი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში თუ „ურთიერთგადაფარვაში" არ შედის გამჭვირვალობის კანონთან" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მმართველმა გუნდმა კანონში ფარულად შეიტანა ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირების დაჯარიმებას გულისხმობს.
ვრცელ პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური პირი" კანონში საერთოდ არაა ნახსენები. რაც შეეხება კანონში ნახსენებ, "იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებას, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი" - ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ შესაბამის NGO-ოს ან მედია ორგანიზაციის ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„გუშინდელი სახალხო „განაჩენის" გადაფარვის მიზნით, დაიწყეს მორიგი დეზინფორმაცია და ცილისწამება. ერთი უბედურება, როდესაც პრინციპულად არ კითხულობდნენ კანონს, ჩაანაცვლა მეორე უბედურებამ - წაკითხვა კი დაიწყეს (რაც კარგია), ოღონდ გამრუდებულად და იქ არარსებული აზრების საჯაროდ გამოტანით. რომელი ვარიანტი ჯობდა - კითხვა/არ კითხვა - საკითხავი ეს არის.
აქტიურად ავრცელებენ სიცრუეს, რომ კანონი ეხება ფიზიკურ პირებს ან მით უმეტეს, ავალდებულებს მათ სადმე დარეგისტრირებას - "ფიზიკური პირი" კანონში საერთოდ არაა ნახსენები. რაც შეეხება კანონში ნახსენებ, "იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებას, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი" - ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ (!) შესაბამის NGO-ოს ან მედია ორგანიზაციის ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რათა დადგინდეს მათი უცხოეთიდან მიღებული ხარჯების წლიურ 20% ხომ არ აღემატება.
შესაბამისად, მოთხოვნილი აღნიშნული კონკრეტული ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. მხოლოდ (!!) ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ამ უფლებამოსილმა პირმა და არა ზოგადად: სქესის, სქესობრივი კონტაქტების, სარწმუნოების, რასის, შარდის, განავლის თუ სისხლის ანალიზების შესახებ - როგორც ამას ჩვეულ სტილში უტიფრად ტირაჟირებენ "ლეგიონის" მსახურები.
ადამიანის შესახებ კონფიდენციალური, პირადი, საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის სფეროს მკაცრად არეგულირებს "პერსონალური ინფორმაციის დაცვის" კანონი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში თუ "ურთიერთგადაფარვაში" არ შედის გამჭვირვალობის კანონთან. "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი" მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანიზაციას - ითანამშრომლოს იუსტიციის სამინისტროსთან და მაშინ არანაირი დამატებითი კომუნიკაციების, მათ შორის ფიზიკურ პირებთან, მაგრამ (!!!) მხოლოდ ორგანიზაციის ხარჯების დადგენის მიზნით - საჭიროება არ დადგება!
"შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე, 8:32)," - წერს დავით ქართველიშვილი.