2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა - საქსტატი
2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის
წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით
შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9
პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში
5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია
მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა
16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11.5 პროცენტი
(-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 8.0 პროცენტი (-2.5
პროცენტული პუნქტი).
როგორც საქსტატის მონაცემები აჩვენებს, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7
პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს.