ფინანსური ორგანიზაციებიდან კრედიტის აღების წესში ცვლილება შედის
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის" ცვლილებები დაამტკიცა. სიახლე ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.
მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე და კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც.