რესტორანში ხინკალი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში წლიურად რესტორანში კვების ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 4.5%-ით გაძვირდა.
წლიურ ჭრილში გაძვირებულია ასევე ხინკლის ფასიც. კერძოდ, მაისში რესტორანში ხინკალი წლიურ ჭრილში 12.2%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.
მათ შორის საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცი 3.2%-ით არის გაძვირებული. ძროხის ხორცის ფარშის ფასი 2.3%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ღორის ხორცს, მისი ფასი წლიურ ჭრილში მცირედით - 1.5%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ხინკლის მომზადებისთვის საჭირო სხვა მასალებს - მწვანილი 67.8%-ით გაძვირდა; ფქვილის ფასი - 2.5%-ით შემცირდა; ხახვის ღირებულება კი - 23.9% არის შემცირებული.
ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.