ვფლობ ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება - თინა ბოკუჩავა
მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების საკითხზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ისიც ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური.
"ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც მალე გაიგებს ამ პირების შესახებ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმადგენელმა ისაუბრა, რომ სავარაუდოდ სანქციებს, არამარტო სამოგზაურო სახით, არამედ უახლოეს მომავალში, ფინანსური სანქციების სახითაც ვიხილავთ. სწორედ ამაზე ისაუბრა მილერმა.
ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურ რეჟიმში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურ სანქციებზე იმუშაონ. უკვე ცნობილია, რომ ესტონეთის პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბარი. ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად გამოიყენოს დისკრეციული უფლება, რომ ნებისმიერ პირს შეუზღუდოს საზღვრის გადაკვეთა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.