„საოცარი ადამიანები იყვნენ, ორივეს შვილები დარჩათ" - ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა
თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რისი მიზეზიც, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულები არიან 1984 წელს დაბადებული ნიკა არჩვაძე და 1985 წელს დაბადებული ბაჩო ბაშარული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული 1980 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
როგორც AMBEBI.GE-ს ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი უყვება, ახალგაზრდა თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.
"ნიკოლოზი საოცარი ადამიანია იყო, მეოჯახე, მშრომელი, პატიოსანი. შოკში ვართ მისი ასეთი სიკვდილით. ცხოვრობდა თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთში. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მისულა მკვლელი და მოუკვლია ორივე. ბაჩო მხატვარი იყო, 3 შვილის მამა საოცარი ადამიანი, ნიკოლოზს 2 შვილი დარჩა"- გვიყვება მოკლულის ოჯახის ახლობელი.