მიხეილ სააკაშვილი: ამ არჩევნებზე გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი - ეს არის ოლიგარქის ჯგუფი
ლევან ხაბეიშვილი ძალიან ღირსეულად მოიქცა, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, ის პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნასაც და აცხადებს, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ახლა მთავარი მიზანი ერთიანობაა.
„მნიშვნელოვანი ცვლილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე - თინა ბოკუჩავა. თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს, არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში.
თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.
ლევან ხაბეიშვილი მოიქცა ძალიან ღირსეულად, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან ამ მიმართულებით. თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ. ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი - ეს არის ოლიგარქის ჯგუფი. ყველა დანარჩენი პარტია ჩვენთვის, ერთის მხრივ, საარჩევნო კონკურენტია და მეორეს მხრივ, მომავალი კოალიციური პარტნიორი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაა საუკეთესო ვარიანტი“, - წერს სააკაშვილი.