თეგებით ძიება

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა

იპოდრომთან, "ქართუ ფონდის" მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერი Wissol ჯგუფია. პროექტი დღეს განიხილეს საკრებულოს სხდომაზე და დეპუტატებმა მის განხორციელებას მხარი დაუჭირეს.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და მშენებარე თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, ექვსი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.

დღეს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება დამტკიცდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დამტკიცდეს, ხოლო ამის შემდეგ კომპანიას შეუძლია სამშენებლო ნებართვაზე შეიტანოს მოთხოვნა.

პროექტი გააერთიანებს მულტიფუნქციურ კომპლექსს, რომლებიც ერთმანეთთან სპეციალური ხიდით იქნება დაკავშირებული.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ცათამბჯენები საერთაშორისო არქიტექტურული ბიურო Champan Taylor-ის მადრიდის ოფისის მიერ არის დაპროექტებული.

ამჟამად თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი "აქსის თაუერსია", რომელიც 149.5 მეტრის სიმაღლისაა, შესაბამისად აღნიშნული ცათამბჯენი აშენების შემთხვევაში მასზე თითქმის 110 მეტრით მაღალი იქნება.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა