2-3 კვირაში პროდუქტებზე ფასი შესამჩნევად გაიზრდება – დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, გამორიცხულია, რომ ლარის გაუფასურება პროდუქტის ფასზე არ აისახოს და უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში, ფასის ზრდა მომხმარებლისთვის შესამჩნევი იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია BMG-ის ეთერში საუბრისას თქვა.
„არა მხოლოდ კომპანიები, არამედ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებელიც ნედლეულის კუთხით, შესაბამისად გამორიცხულია, რომ ლარის კურსი ცვლილება არ აისახოს იმ ფასზე, რა ფასიც ხვდება მომხმარებელს თაროზე.
კომპანიები, როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ისე სადისტრიბუციო თუ რითეილერები ცდილობენ ეს ფასი ამ ეტაპისთვის მკვეთრად არ იყოს ასახული, რადგან ეს აისახება გაყიდვებზე.
რა ნიშნულს დაიჭერს დოლარი, ეს პროცესიც ბუნდოვანია, თუმცა ამ ნიშნულზეც რომ დარჩეს, გარკვეულწილად მაინც აისახება და ეს პროცესი დაიწყება 2-3 კვირის განმავლობაში. გარდა იმპორტიორისა, რითეილიც რომ ავიღოთ, ვალდებულებები გააჩნიათ დოლარში. ის იჯარები, რაც ასეულობით ობიექტს აქვს, დაკონტრაქტებულია დოლარში, მათი ვალდებულებები გაიზარდა. გაიზარდა იმ მიმწოდებლების ვალდებულებები, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. გაიზარდა ადგილობრივი მწარმოებლების ვალდებულებები ნედლეულების კუთხით მომწოდებლების წინაშე. ფასების ზრდა შეეხება როგორც პირველადს, ისე ყველა ტიპის პროდუქტს“, - განაცხადა რიჟამაძემ.