პრეზიდენტი ჭკუას გვარიგებს, რომ არ უნდა ვიყოთ პოლარიზებაში, თავად კი, ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, დაყო ადამიანები გაურკვეველი ნიშნით - წულუკიანი
ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში ადამიანები გაურკვეველი ნიშნით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს.
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. მე, როგორც სპორტის მინისტრს, დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ამ სიაში მყოფ ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს. თუმცა, თუ არ შეცვალა გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არის საზინო. მისივე გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ახასიათებს, ვინაიდან გამოყო და დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით, ვისგან ვისგან და ეს პრეზიდენტისგან, რომელიც, ასე უწერია კონსტიტუციაში, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი და გარკვეული ჰარმონიის დამამკვიდრებელი საზოგადოებაში, ეს გადაწყვეტილკება მისთვისვე საზიანოა. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, გასაკვირიც არის, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, მუდმივად ჭკუას გვარიგებს, გვასწავლის, თითქოს უნდა გამოვნახოთ ენა ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, როგორიც არის ქართული პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს, არ უნდა ვიყოთ პოლარიზებაში და ა.შ. თავად იქ, სადაც პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ფეხბურთის ფედერაციაში, მან დაყო ადამიანები გაურკვეველი ნიშნით. ეს მას ძალიან ნეგატიურად ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.