თეგებით ძიება

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს.

„2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც უსწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტმა განაპირობა. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებას და გარემოებების მიხედვით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. არსებული დინამიკა განაპირობა სესხების მშპ-თან ფარდობის გასულ კვარტალთან შედარებით დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნებამ, რაც, თავის მხრივ, წლის პირველი კვარტლისთვის სეზონურად დამახასიათებელი შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 25 სექტემბერს გაიმართება,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა