"ხვალ ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს" - რა თქვა სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ?
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ესპანეთთან ბოლო მატჩისას ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
3.5 წლის წინ საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეცბურთელია.
ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია."
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.