თეგებით ძიება

„მადლობა კეთილშობილ მოთამაშეებს“ - ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეოთხე თამაშს ევრო 2024-ზე და ესპანეთის ნაკრებთან ღირსეულ დაპირისპირებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, „დიდი შანსია, რომ ამ ტურნირის ჩემპიონებთან დავმარცხდით, რაც არ შეურაცხგვყოფს“.

„ესპანეთს ვხვდებითო, რომ გავიგე, ელდა წინასწარ მეცა, რაღა მაინცდამაინც ესპანეთი-მეთქი, რაზეც ნიკომ მითხრა, სხვა გუნდი შეგვხვედროდა, ჯობდა, მაგრამ ამდენი ხომ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ აწი სულ „ესპანეთებს“ ვეთამაშოთო. დიდი შანსია, რომ ამ ტურნირის სწორედ ჩემპიონებთან დავმარცხდით, რაც ნამდვილად არ შეურაცხგვყოფს. უბრალოდ, ცოტა ნაადრევად შემოგვხვდნენ.

ძალიან ახალგაზრდაა ჩვენი გუნდი და საოცარი სტარტი ავიღეთ. ახლა ყველაფერი წინაა.

პირველი ტაიმი ისეთი ჩაატარა ჩვენმა ნაკრებმა, ესპანელები საკმაოდ შეცბუნებულიც ჩანდნენ. ამ ჩემპიონატზე მათ კარში პირველად ჩვენი გოლი გავიდა. გოლის შემდეგ თინუშა თამაშის დასრულებას ითხოვდა, ათი გოლი რომ გაიტანონ, მაინც არ დასრულდება თამაშიო? ვერ გაიგო, როცა არ გვაწყობს, რატომ უნდა ვითამაშოთ მაინც 90 წუთი. ნაკრების ჯენ ზიებზე არაფერს ვიტყვი, ისედაც დღე და ღამე მათზე ვლაპარაკობთ, კიტე როგორი კონცერტმაისტერია და მამარდაშვილი, რომლის პერფორმანსი ადამიანურ ძალებს აღემატება, და ყველა რა მეომრები, ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მათ ზურგს უკან ვინმე რომ არ გამომრჩეს, ვისაც არ მოუწია მოედანზე გამოსვლამ.

კაშიაზე ვიტყვი, როგორც ვეტერანზე, როგორი საიმედო კაცია, სიმშვიდეს მგვრის მოედანზე მისი ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა იმ კეთილშობილ მოთამაშეებს, ბუდუს, ქვილითაიას, ყველას… ზურგს ვინც უმაგრებდა ნაკრებს და ყოველ წამს მზად იყვნენ, ბრძოლაში შესასვლელად და მათ, ვისაც წუთითაც არ მოუწია შესვლამ.

მადლობა მათ ამ დიდი ფსიქოლოგიური ვენტილაციისთვის, ყოველდღიურობის ყველა საზრუნავი, დარდი რომ გამოფერთხეს ჩვენი გონებიდან და უკიდურესი ვნებათაღელვის ოკეანეში გვაცურეს.

მადლობა ფედერაციას სანიოლის ჩამოყვანისთვის და მადლობა სანიოლის ამ შედეგისთვის.

ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატია. სულ სხვანაირები, კიდევ უფრო ძლიერები შევხვდებით კიდევ უფრო დიდ საფეხბურთო დღესასწაულს. ჩვენ ამ ჩემპიონატზე იმდენი რამ მოვიგეთ, ამ ეტაპზე დამარცხებული საერთოდ არ გვეთქმის.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა