26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ - თინა ბოკუჩავა
არჩევნებამდე დარჩა 106 დღე. შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გვქონდეს ყველაზე ეფექტური კამპანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოკუჩავამ ბრიფინგზე მისი მოადგილეები - ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა.
მან, ასევე, მოუწოდა პარტიის ქალთა ორგანიზაციას, აირჩიონ თავმჯდომარე, რომელიც მისი მესამე მოადგილე იქნება.
“26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა, ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე. შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გვქონდეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე, მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის. იგორი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა საპროტესტო მოძრაობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ის ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ.
ამავე პრინციპით მივიღე ასევე ინსტიტუციური გადაწყვეტილება და ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რა როლსაც მე ვიკავებდი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, რაც ძალიან მეამაყება. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი ასევე დაიკავებს ჩემი მოადგილის პოზიციას.
მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, გააუქმეს ქალთა კვოტირება, დევნის პარლამენტიდან, დევნის ეკონომიკიდან, დევნის ქვეყნიდან, როცა იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში. ამიტომ, ჩემი ინიციატივით ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც, პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ინიციატივები გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, რათა ერთიანობით გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.