თეგებით ძიება
29. 07. 2024 სპორტი

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა საიდუმლო სერობის პაროდიისთვის ქრისტიანებს ბოდიში მოუხადეს - The Guardian

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა, გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის პაროდიის დადგმისთვის ბოდიში მოიხადა კათოლიკეებისა და სხვა ქრისტიანული კონფესიების წინაშე, რომლებიც აღნიშნულმა სცენამ აღაშფოთა.

ცნობისთვის, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის ბიბლიური სცენა „დრეგ ქვინების“, ტრანსგენდერი მოდელებისა და „ბერძენი ღმერთის“ ფორმაში გამოწყობილი მსახიობის მონაწილეობით გააცოცხლეს, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ქრისტიანების და აგრეთვე, პოლიტიკოსების აღშფოთება მოჰყვა კონსერვატიული პარტიებიდან.

როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელ X-ზე წერდნენ, აღნიშნული სცენა მიზნად ისახავდა დიონისეს ინტერპრეტირებას და ცნობიერების ამაღლებას „ადამიანთა შორის ძალადობის აბსურდის შესახებ“. 

მოგვიანებით, კომიტეტის წარმომადგენელმა, ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ცხადია, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენდა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა. [ცერემონიის] მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ტოლერანტობის აღნიშვნა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ამბიცია მიღწეულია. თუ ადამიანები განაწყენდნენ, ძალიან ვწუხვართ“.

როგორც The Guardian აღნიშნავს, საფრანგეთს მდიდარ კათოლიკურ მემკვიდრეობასთან ერთად, გააჩნია სეკულარიზმისა და ანტიკლერიკალიზმის მდიდარი ისტორია და ღვთის­გმო­ბა არამხოლოდ კანონიერ ქმედებად მიიჩნევა, არამედ, ბევრი მას განიხილავს, როგორც „სიტყვის თავისუფლების არსებით საყრდენს“. 

ცნობისთვის, საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ აღნიშნული სცენა დაგმო და განაცხადა, რომ დადგმა „ქრისტიანობის დაცინვისა და პაროდიის სცენებს მოიცავდა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა