თეგებით ძიება

Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება - თინა ბოკუჩავა

ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება და ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს, - ასე შეაფასა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის კვლევა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა, ეს არის ჩვენი ამოცანა. გვჯერა, რომ ერთიანობით, კონსოლიდაციითა და საერთო ძალისხმევით ჩვენ მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია აუცილებლად ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადასარჩენად. ივანიშვილი ყოველთვის გათვლას აკეთებდა გარკვეულ სახელისუფლებო რესურსზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება, თუმცა მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ამ არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს. ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს არის ქვეყნის საკეთილდღეოდ ცვლილებები და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა