ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაავლეს ხელი ამ ჩემს შვილს და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილს "ვივა-მედში" მოულოდნელად პალატა შეუცვალეს და დაცარიელებული შენობის მე-8 სართულზე გადაიყვანეს. გიული ალასანია შიშობს, რომ მისი შვილის უსაფრთხოება დაცული არ არის და გარდა ამისა, პალატაში არც ტელევიზორი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება იყო.
სრულიად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაავლეს ხელი ამ ჩემს შვილს და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში. მე-8 სართულზეა მოთავსებული ჩემი შვილი და მე გამიჩნდა შიში. შიში მუდმივად მაქვს ამ ჩემი შვილის საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა ძალიან გამიძლიერდა იმიტომ, რომ დავინახე, რომ მთელი შენობა, რომელიც სასტუმროდ ითვლება, არის დაცლილი, ცარიელია აბსოლუტურად. ერთადერთი მე-8 სართულზეა ჩემი შვილი, რომელსაც არაფერი არ აქვს და მის თავზე არის ტექნიკური სართული. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? უსაფრთხოება და ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს არც ერთი აქვს და არც მეორე. ინფორმაცია არ აქვს, ერთადერთი ტელევიზორი იყო, საიდანაც კიდევ რაღაცას იგებდა, - ამბობს გიული ალასანია.