თეგებით ძიება

მარინა გზირიშვილი ჭირსა შინა გაუტეხლობით, რწმენით, საქართველოსთვის შეწირულ ჯარისკაცთა ოჯახებზე ზრუნვით გაჭირვებულთა იმედად იქცა. დღეს იგი მარადისობის გზას მიუყვება - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„ქალბატონ მარინა გზირიშვილს მეტად რთული ცხოვრების გზის გავლა მოუწია; სულ ახალგაზრდა იყო, როცა პირველი შვილი, ამირანი, გარდაეცვალა; შემდეგ - მეუღლე, ბატონი ბადრი, შეეწირა აფხაზეთის ომს; 2008 წელს კი სამშობლოსათვის გმირულად დადო თავი მეორე ვაჟმა, ვახტანგმა, რომლის სულის საოხად და აგვისტოს ომში გარდაცვლილ სხვა მეომართა მოსახსენიებლად აშენდა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.

ქალბატონი მარინა ჭირსა შინა გაუტეხლობით, რწმენით, საქართველოსთვის შეწირულ ჯარისკაცთა ოჯახებზე ზრუნვით... გაჭირვებულთა იმედად იქცა.

დღეს იგი მარადისობის გზას მიუყვება და, ალბათ, ხარობს მათი ნახვით, ვინც მუდამ ენატრებოდა.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი მარინას, ბატონი ბადრის, პატარა ამირანის, ვახტანგისა და საქართველოსთვის გარდაცვლილ სხვა ჯარისკაცთა უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან იგინი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ქალბატონ ნათიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და, დედის მსგავსად, უანგარო კეთილ საქმეთა აღსრულების უნარი“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლე მარინა გზირიშვილი 2 აგვისტოს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა