თეგებით ძიება

„დეველოპერული ბიზნესი ძალიან ხარჯიანი გახდა - უძრავი ქონების ბაზრის გადაწყობა დაწყებულია - წავა გამსხვილებები“

„უძრავი ქონების ბაზრის გადაწყობა დაწყებულია. ვფიქრობ, შემდეგი წლების ტენდენცია აშკარად იქნება მიმართული იმისკენ, რომ წავა გამსხვილებები“, - ამის შესახებ კომპანია „დეველოპერული სერვისების" დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ მცირე დეველოპერებმა, ვისაც უკვე დიდი კაპიტალიზაცია სჭირდება, შესაძლოა საკუთარი პროექტები უფრო მსხვილ დეველოპერებზე გადაყიდონ, რომ მათ აწარმოონ ეს პროცესი.

როგორც გივი კორინთელმა განმარტა, ამის ერთ-ერთი მიზეზია რეგულაციები, რომელმაც დეველოპერული ბიზნესი უკვე ძალიან ხარჯიანი გახდა.

„ეს წელი ალბათ, ჩვეულებრივ ჩამთავრდებოდა, რომ არა ამ წლის მეორე ნახევარში გაჟღერებული ხმამაღალი თემა, „იგლ ჰილსის“ შემოსვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელმა ფაქტობრივად დააკორექტირა 2024 წლის ტენდენციები. უძრავი ქონების ბაზარი გადაეწყობა აუცილებლად. ეს პროცესი დაწყებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დეველოპერული კომპანიების სისტემური ჯგუფი იქმნება, რაც ნიშნავს, იმას რომ ალბათ, ეს ყველაფერი გამსხვილებისკენ წავა. პიკში ქვეყანაში იყო 650 დეველოპერული კომპანია, მაგრამ მე ვფიქრობ, შემდეგი წლების ტენდენცია აშკარად იქნება მიმართული იმისკენ, რომ წავა გამსხვილებები.

დეველოპერული კომპანიები [თავად] ნაკლებად მიიღებენ ერთმანეთთან ბიზნესების გაერთიანების გადაწყვეტილებას (თუმცა შეიძლება ასეთი შემთხვევებიც იყოს), უბრალოდ, იმ დეველოპერებმა, ვისაც უკვე სჭირდება დიდი კაპიტალიზაცია პროექტების განხორციელებაში, შეიძლება გადაყიდონ თავის პროექტები და მიჰყიდონ უფრო მსხვილებს, რომ მათ აწარმოონ ეს პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ დეველოპერული ბიზნესი უკვე ძალიან ხარჯიანი გახდა. ანუ ეს არ არის ის ბიზნესი, სადაც 200 000 დოლარით შეხვიდოდი, დაიწყებდი მშენებლობას, მოიგებდი მილიონ დოლარს და გამოხვიდოდი.

ასევე, ეს განპირობებულია იმით, რომ თვითონ მყიდველის მიერ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა: უფრო მეტ ინფრასტრუქტურაზე, უფრო მეტ დანახარჯზე დეველოპერების მხრიდან, უფრო მეტ სერვისზე, უფრო მეტ ხარისხზე. ბოლო წლების რეგულაციებმა ამაზე აუცილებლად იმოქმედა. გაიზარდა მშენებლობის თვითღირებულება, ბანკების მოთხოვნებიც გამკაცრებულია და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ რეალურად წავა გამსხვილება.

ბოლო წლინახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეწყვიტეს ბანკებმა დაფინანსება, მათ [მცირე დეველოპერულმა კომპანიებმა] უბრალოდ ვერ დაიწყეს ახალი პროექტები. ძალიან ბევრი მაგალითია ბაზარზე, როდესაც უკვე მომზადებულ პროექტზე და მიწის ნაკვეთზე, მოხდა მისი რეალიზაცია და გადაყიდვა. უბრალოდ გავიდნენ ბაზრიდან, ან ვისაც შესვლა უნდოდა პატარას, ვერ შევიდნენ. ეს არის ბუნებრივი ფილტრაციის მომენტი. ბანკებმა ხელოვნურად დააბალანსეს მოთხოვნა-მიწოდების მომენტი, მაგრამ ამ ხელოვნურობას მოჰყვება გამსხვილების პროცესი იქიდან გამომიდინარე, რომ ძალიან საშიშია ახლა დეველოპერულ პროექტში შესვლა, კონკურენციის გამო, მოთხოვნის გამო, ხარისხის გამო და ა.შ. და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა გივი კორინთელმა.

კითხვაზე, რამდენი რეალური დეველოპერი შეიძლება დარჩეს ბაზარზე, კომპანია „დეველოპერული სერვისების" დამფუძნებელმა უზბეკეთის მაგალითზე უპასუხა, რომ შესაძლოა, მხოლოდ ათეული.

„შედარებისთვის შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთობები უზბეკეთთან და იქ ვიცი რეალურად რამდენი კომპანია აშენებს. მსხვილი კომპანია არის სულ 10. 4-მილიონიანი ქალაქია ტაშკენტი, კიდევ უფრო იზრდება, მშენებლობა საკმაოდ დიდია, მაგრამ 10 ძირითადი კომპანიაა, ვინც ქმნის ამინდს. შესაძლებელია, ეს ტენდენცია [ათეულ კომპანიამდე შემცირება] ჩვენთანაც გაგრძელდეს, უბრალოდ, ამას სჭირდება აბსოლუტურად სხვა სისტემური მიდგომები. თუ აქ შემოვა დაზღვევა, თუ აქ შემოვა ბანკების ისეთი პროდუქტები, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს, კიდევ უფრო გაიზრდება პრეტენზიები და მოთხოვნა მყიდველებისგან.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს - ძალიან სერიოზული ტენდენცია შეინიშნება, დეველოპერების საცალო გაყიდვების ტრანსფორმაციაზე „ბროკერიჩში“. ბათუმის მაგალითი რომ ავიღოთ, ბინების 90%-ზე მეტი იყიდება საბროკერო კომპანიების მიერ. 1400-მდე ბროკერია მიმდინარე მომენტში ბათუმში, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს და ყოველდღიურად ყიდის ბინებს“, - განაცხადა გივი კორინთელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა