თეგებით ძიება

დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის წევა-შორაპნის მონაკვეთზე ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს

დღეიდან წევა-შორაპნის მონაკვეთზე ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით.

"აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება.

გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები, ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 42 კმ-ით.

რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა რეაბილიტირებულია, სადაც გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა", - იტყობინება გზების დეპარტამენტი.

შორაპანი-არგვეთას 15 კმ-იანი მონაკვეთის 9 კმ - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან, მოძრაობა გახსნილია 12 ხიდზე და 10 გვირაბიდან - 5 გვირაბზე. 5.7 კმ-იან გზის მონაკვეთის დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და სექტემბერში, ეტაპობრივად გაიხსნება. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალური გზის 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა