თეგებით ძიება

Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები გაყიდა

Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები გაყიდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Ferrero -ს შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ გასული წლის ზაფხულში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება გაყიდა, ხოლო 2021 წელს 1,815 ჰექტარი მიწა.

„2023 წლის ივნის-ივლისში, კომპანიამ გაყიდა წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის რაიონებში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. პლანტაციები მოიცავდა მიწას, შენობა- ნაგებობებსა და სხვა აქტივებს (კლასიფიცირებულია როგორც ძირითადი საშუალებები) 9,109 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით და მასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ აქტივებს 22,473 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით. პლანტაციისთვის მიღებულმა თანხამ შეადგინა 24,357 ათასი ლარი (დღგ-ს გარეშე). პლანტაციებისა და მასთან დაკავშირებული ქონების გასვლის შედეგად მთლიანმა ზარალმა შეადგინა 7,903 ათასი ლარი. სხვა გასვლებიდან, ძირითადი საშუალებებისა და ბიოლოგიური აქტივების ჩათვლით, წმინდა ზარალმა შეადგინა 175 ათასი ლარი.

2021 წლის აგვისტოში, კომპანიამ გაყიდა მარტვილის, აბაშისა და სენაკის რაიონებში 1,815 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. პლანტაციები მოიცავდა მიწას (კლასიფიცირებულია როგორც ძირითადი საშუალებები და საინვესტიციო ქონება) და შენობებს 11,280 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიურ აქტივებს 23,397 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით. პლანტაციისთვის მიღებულმა თანხამ შეადგინა 28,152 ათასი ლარი. პლანტაციებისა და მასთან დაკავშირებული ქონების გასვლის შედეგად მთლიანმა ზარალმა შეადგინა 7,932 ათასი ლარი, საბროკერო გადასახადის, რომელიც შეადგენს 1,407 ათასი ლარს, გარეშე“, - ნათქვამია „აგრიჯორჯიას“-ს 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

Ferrero -ს შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ 2022-2023 ფინანსური წელი 35 მლნ ლარის ზარალით დახურა. კომპანიამ, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გასულ ფინანსურ წელს (2022 წლის 31 აგვისტო - 2023 წლის 31 აგვისტო) ამონაგები 2.3 მლნ ლარით 41.3 მლნ-მდე გაზარდა, თუმცა წლის სრული ზარალი 34.7 მლნ ლარი იყო. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ზარალი ძირითადად მიწისა და ბიოლოგიური აქტივების გასვლით და საკურსო სხვაობით იყო გამოწვეული.

„აგრიჯორჯია“ ამჟამად ოპერირებას უწევს 800 ჰექტარზე გაშენებულ თხილის ბაღებს. (2022 წელს 2,300 ჰექტარამდე) კომპანია აწარმოებს ქართული, იტალიური და სხვა ევროპული თხილის სახეობებს და ძირითადად ყიდის მასთან დაკავშირებულ მხარეებზე

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ერთადერთი უშუალო მშობელი კომპანია იყო Ferrero Trading Lux S.A. და საბოლოო მშობელი კომპანია იყო Ferrero International S.A.

კომერსანტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა