გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს შეტევა ეკლესიაზე - არჩილ თალაკვაძე
ჩვენ გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, რომ კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, შევქმნათ უფრო ძლიერი სტატუსი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აკეთებს.
მისი თქმით, მიზანია, მომავალში ვერავინ შეძლოს ეკლესიაზე შეტევა.
"ჩვენ გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, რომ კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, შევქმნათ უფრო ძლიერი სტატუსი ეკლესიისთვის, რათა მომავალში ვერავინ ვერ შეძლოს ამ საკითხით მანიპულირება და ვერავინ ვერ შეძლოს შეტევა ეკლესიაზე. ამის გარანტიების გაწერა და ამის გარანტიების შემოტანა კონსტიტუციაში გახლავთ შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი მიმდინარეობს, წინასწარ არ გვსურს ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ განხილვის ეტაპზე. მაგრამ, აუცილებლად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით. მთავარი არის ჩვენი ერთიანი პოზიცია - როგორც ხელისუფლების, ეკლესიის, საზოგადოების, რომ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია, რწმენა, ის რაც ფუნდამენტურია და აერთიანებს მთელ საზოგადოებას, უნდა იყოს დაცული და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ამის დანგრევა და ძირის გამოთხრა სცადოს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, განხილვის თემაა ხელისუფლების შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე. კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტებიც ესწრებიან.